სკოლის ყოფილი პედაგოგების
მოგონებები:
სიმონ არველაძე -
სიმონ არველაძე - პროფესორი, მწერალი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ომისა და შრომის ვეტერანი.
1952 წელს წარჩინებით დავამთავრე ი.ბ. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, მომენიჭა ლოგიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია. განათლების სამინისტროს განაწილებით დავბრუნდი მშობლიურ ქუთაისში.
1952 წლიდან იწყება ქუთაისში ჩემი ცხოვრების აღმართ-დაღმართი. რაკი ოფიციალურად
მონიჭებული მქონდა ლოგიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია, ქალაქის
განათლების განყოფილების (გამგე ცნობილი პედაგოგი
და მოღვაწე ისაკ ბალანჩივაძე) ბრძანებით თავდაპირველად ლოგიკისა და ფსიქოლოგიის მასწავლებლად დავინიშნე მე-7 საშუალო სკოლაში (დირექტორი
ლუბა ბინიაშვილი). სასწავლო გეგმით ამ საგნებს ეთმობოდა მცირე კვირეული (2-2 საათი)
საგანაკვეთო დატვირთვა, ამიტომ დამატებით გაკვეთილები მომცეს მე-2 საშუალო სკოლაში (დირექტორი ისტორიკოსი
ილია გენძეხაძე).
1954 წელს მე-8 საშუალო სკოლიდან გათავისუფლდა
ლოგიკისა და ფსიქოლოგიის მასწავლებელი, რომლის საათები
მე დამიმატეს, არასრული საგანაკვეთო დატვირთვის გამო. ამავე წლიდან მიმიწვიეს პიონერთა
და მოსწავლეთა სასახლეში ნორჩ შემოქმედთა და ლიტერატორთა წრის ხელმძღვანელად. ასე რომ,
სკოლების პარალელურად, სასახლეში შემოქმედ ჭაბუკებს და გოგონებს, რომლებიც წერდნენ
ლექსებს და პატარ-პატარა მოთხრობებს, ჩანახატებს და ა.შ. ვასწავლიდი ხელოვნებას და
მხატვრულ წერასა და ოსტატობას. საშუალება მქონდა ჩემი სკოლებიდან შემერჩია შემოქმედებითი ნიჭის მქონე ბავშვები და გამეერთიანებინა
ისინი სხვადასხვა წრეებში, მათგან ზოგიერთი ახალგაზრდა, შემდგომში ცნობილი მწერალი,
მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გახდა. გავიხსენებ ზოგიერთ მათგანს: რევაზ ბალანჩივაძე
(მე-7 საშუალო სკოლიდან), არჩილ და გურამ კოსტავები, ჯემალ ქარჩხაძე (მე-2 საშუალო
სკოლიდან), მზია შენგელია, უშანგი იაშვილი, აკაკი ბრეგაძე, ელიზა გელაშვილი (მე-8 საშუალო
სკოლიდან). ჩემს ავტობიოგრაფიულ მემუარულ წიგნში „ჩვენი ცხოვრება უანკარეს ღვინის ფერია“
(2007 წ. თანაავტორი ლიტერატორი მარი ხვედელიძე)
მოკლედ დახასიათებულია სასახლეში აღზრდილ და შემდეგ ცნობილ ადამიანთა შემოქმედებითი
ცხოვრების განვლილი გზა და მოღვაწეობის შედეგები.
მე-8 საშუალო სკოლა ერთ-ერთი მოწინავე და გამორჩეული იყო ქალაქში, თავისი სახელოვანი
პედკოლექტივით და ნიჭიერი მოსწავლე-ახალგაზრდობით.
სკოლის დირექტორი ივანე ვაშაკიძე და წამყვან სასწავლო დისციპლინათა მასწავლებლები
კარგად იყვნენ ცნობილი არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელ რესპუბლიკაში.
სკოლის სხვადასხვა თაობის აღზრდილთაგან, მრავალი ცნობილი მწერალი, მეცნიერი და
საზოგადო მოღვაწე გახდა, რაც სწორედ სკოლაში მოღვაწე პედაგოგთა დიდი ამაგისა და დამსახურების
შედეგი იყო, ეს ღვაწლმოსილი პედაგოგები გახლდნენ: სასწავლო ნაწილის გამგე, ლიტერატურის
მასწავლებელი ნუჩიკო ვასაძე, გიორგი (ჟორა) ტორაძე (ისტორიკოსი), ეთერ ბურჯანაძე (მათემატიკოსი), ეკატერინე სულავა (ქიმიკოსი), დავით ცირეკიძე (მათემატიკოსი), არჩილ
ბარდაველიძე (მათემატიკოსი) და სხვა.
ამ სკოლაში აღზრდილ მოსწავლეთაგან, რომელთა შორის ბევრი იყო ოქროს მედალოსანი
და შემდეგ ასევე წარმატებით მიიღო უმაღლესი სპეციალური განათლება და თავი გამოიჩინა
სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში (განათლება, კულტურა, ხელოვნება და სხვა), როგორც
მწერალი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ტექნიკური, ინტელიგენციის წარმომადგენელი თუ
აქტიურ სამეურნეო და საზოგადოებრივ საქმეთა პროფესიონალი. მათ შორის აუცილებლად უნდა
გავიხსენოთ რეზო ჭეიშვილი - გამოჩენილი მწერალი, პროზაიკოსი და უბადლო მხატვრულ ნაწარმოებთა
ავტორი; აკაკი ბრეგაძე - მწერალი, მთარგმნელი, რომელმაც შესანიშნავად თარგმნა გამოჩენილი
მწერლების - ლევ ტოლსტოის, ჩინგიზ აიტმატოვის
და სხვათა ნაწარმოებები და გააცნო ქართველ საზოგადოებას; ტექნიკური ინტელიგენციის რიგებიდან
პროფესორები: რანი ჭაბუკიანი, იუზა ციციაშვილი, სამეურნეო-ადმინისტრაციული
დარგის მუშაკები - თემურ ჟღენტი, ზურაბ გაბრიაძე, თემურ ლოლაძე და სხვა. აღზრდილთა
შორის არიან ცნობილი სპორტსმენები, ექიმები, ჟურნალისტები და ა.შ.
ჩემთვის ერთობ სასიამოვნო და დაუვიწყარი იყო ნახევარსაუკუნოვანი იუბილე მე-8
საშუალო სკოლის იმ მეთერთმეტეკლასელთა, რომლებმაც 1954 წელს დაამთავრეს საშუალო სკოლა.
ეს იყო 2004 წლის 23 ოქტომბერს. საზეიმო შეხვედრა გაიმართა მე-8 სკოლაში (დირექტორი
რეზო სირბილაძე), იყო გულთბილი საუბარი, ურთიერთისადმი სიყვარულისა და პატივისცემის
გამოვლინება. გადავიღეთ სამახსოვრო სურათი, ეს შეხვედრა დაგვირგვინდა სანადიმო თავყრილობით.
მომდევნო
ნახევარი საუკუნეც, სკოლამ და პედაგოგთა ახალმა პლეადამ, ასევე წარმატებულად განაგრძო
მოღვაწეობა, ტრადიციების გაღრმავება და რაც
მთავარია, მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდა და წარმოჩინება ცხოვრების დიდ სარბიელზე გამოსაყვანად.
ამდენად, პატივი და დიდება ეკუთვნის ყველა დროის აღმზრდელსა და პედაგოგს, აქტიურად მოღვაწე ადამიანთა ამ სახელოვან პლეადას, ხოლო მარადიული
ხსოვნა და არ დავიწყება მათ, ვინც ადრე თუ გვიან წავიდა ამ წუთისოფლიდან, გადასახლდა
იმიერში და გახდა მიწისქვეშა ლოდი, საქართველოს სამუდამო მკვიდრი და ბინადარი...
მე-8 საშუალო სკოლის დამთავრების
50 წელი. 23 ოქტომბერი.
2004 წელი.
მე-8 საშუალო სკოლის 1954 წლის კურსდამთავრებულები პედაგოგებთან ერთად: (მარცხნიდან
მარჯვნივ) ზურაბ გაბრიაძე - სასტუმრო „ქუთაისის“ დირექტორი, რანი
ჭაბუკიანი - სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პროფესორი, აკაკი ბრეგაძე - მწერალი, თემურ ლომიძე - ინჟინერი, თამაზ კვანტალიანი - პედაგოგი, რეზო სირბილაძე - №8 საჯარო სკოლის დირექტორი, ზაურ არველაძე, სიმონ არველაძე - პედაგოგი, პროფესორი...
ნათელა ხობუა -
გერმანული ენის მასწავლებელი
მე-8 საშუალო სკოლაში მუშაობდა 40 წლის განმავლობაში, 1954-1994 წლებში.
მოგონებები და სიყვარული, სკოლაში 40-წლიანი მოღვაწეობიდან ძალიან ბევრი გამყვა. გავიხსენებ ზოგიერთ მათგანს.
პედაგოგიური მუშაობა დავიწყე ბატონ
ვანო ვაშაკიძის დირექტორობის დროს. ბატონი ვანო
ენერგიითა და საქმის კეთების სურვილით აღსავსე პიროვნება იყო და კარგად ართმევდა თავს
სკოლის მართვას.
გადიოდა დრო და სკოლამ სხვადასხვა მიზეზის
გამო იწყო უკუსვლა. სკოლიდან ბევრი მოსწავლე
სხვა სკოლაში გადადიოდა სასწავლებლად, დაეცა დისციპლინა, მხოლოდ მასწავლებელთა ერთი ნაწილის ავტორიტეტით ვინარჩუნებდით სკოლის სახელს და მიღწევებს.
მძიმე და გამოუსწორებელი ინციდენტის გამო ვანო ვაშაკიძე გაათავისუფლეს სკოლის
დირექტორობიდან, მაგრამ როგორც ღვაწლმოსილი მუშაკი გადაიყვანეს დახელოვნების ინსტიტუტში
რუსული ენის მეთოდისტად.
სწორედ ამ დროს ჩვენს სკოლას მოევლინა
დირექტორად ბატონი ალიოშა სანდუხაძე. ორ კვირაში სიტუაცია მთლიანად შეიცვალა. მასწავლებელი
მასწავლებელს დაემსგავსა, მოსწავლე-მოსწავლეს და გაკვეთილი-გაკვეთილს.
ყოველდღიურად ტრიუმფალური მიღწევები
გვქონდა. გადავედით კაბინეტურ სისტემაზე. თითქმის ყოველდღე მოდიოდნენ სხვა სკოლებიდან
დირექტორები, მასწავლებლები და იზიარებდნენ მიღწევებს.
მიღწევები დიდად დააფასა ქალაქის ხელმძღვანელობამ
და დააჯილდოვა სკოლა გარდამავალი წითელი დროშით. სიხარულს ვერ ვფარავდით. ჩავატარეთ
დიდი საქალაქო ღონისძიება, რომელსაც ზემდგომი ორგანოები და ქალაქის სკოლის დირექტორები
ესწრებოდნენ. ღონისძიებას
დიდი შეფასება მიეცა. ამის შემხედვარე ყველა პედაგოგი მეტი სიხარულითა და შემართებით მუშაობდა. ასე გავატარეთ სამი წელი.
ბატონი ალექსანდრე სანდუხაძე გადაიყვანეს მეორე საშუალო სკოლის
დირექტორად და ჩვენს სკოლაში ხელმძღვანელად ბატონი რომან ცინცაძე მოვიდა.
ტრადიცია უცვლელად გაგრძელდა, ჩვენი სკოლის მიღწევებზე
ყველგან ლაპარაკობდნენ - მოდიოდნენ გამოცდილების გასაზიარებლად.
ტარდებოდა მრავალი საქალაქო ღონისძიება
და წარმატებებს წარმატებები ემატებოდა. ასე გაგრძელდა 4 წელი, რის შემდეგაც ბატონი
რომან ცინცაძე გადაიყვანეს რაიკომის მდივნად.
სკოლის დირექტორად ბატონი კუკური სიხარულიძე
დაინიშნა. მან გარკვეული ხნის განმავლობაში შეძლო შეენარჩუნებინა ტრადიციები.
მალე ზოგიერთი მასწავლებლის ცუდი ჩარევით
და ზეგავლენით სკოლამ ისევ დაიწყო უკუსვლა. იკლო მოსწავლეთა რიცხვმა, სკოლამ კვლავ
იცვალა სახე. გახშირდა უდისციპლინობა, გაკვეთილების
გაცდენა. მოსწავლეთა რაოდენობა 200-მდე დავიდა.
ყოველივე ამის გამო კუკური სიხარულიძე გაათავისუფლეს და დირექტორად ავთანდილ ქურასბედიანი
დანიშნეს. არ ჩანდა ცუდი პიროვნება, მაგრამ ისიც მოექცა მასწავლებელთა ერთი ჯგუფის გავლენის ქვეშ. არ დაუჯერა
მოწინავე მასწავლებლებს, ამიტომ სასკოლო-საგანმანათლებლო საქმემ ისევ უკან სვლა დაიწყო.
დაიკარგა ყველა ტრადიცია.
ავთანდილ ქურასბედიანის მოულოდნელად
გარდაცვალების შემდეგ, 2001 წლის იანვრიდან სკოლას ბატონი რეზო სირბილაძე მოევლინა, რომელმაც იმედები
გაამართლა, ისევ აღდგა დისციპლინა, აღდგა ტრადიციები. სკოლა სკოლას დაემსგავსა, მასწავლებელი
მასწავლებელს და მოსწავლე - მოსწავლეს. ამის დამნახველმა უბანმა პირი იბრუნა სკოლისაკენ.
ყოველდღიურად იზრდებოდა და იზრდებოდა მოსწავლეთა რიცხვი.
ზუსტი მსგავსებაა ალიოშა სანდუხაძესა და რეზო სირბილაძეს შორის. სიხარულს ვერ ვფარავ
და იმ დღეს ვლოცავ, როცა ჩვენს სკოლაში ბატონი რეზო სირბილაძე მოვიდა. დიდხანს, დიდხანს,
ჩემო საყვარელო რეზო, თქვენი ხელი და გონიერება არ მოშლოდეს და არ მოკლებოდეს ჩვენს
საყვარელ სკოლას, დიდხანს თქვენი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და გამჭრიახობა. გფარავდეთ
ღმერთი.
ჩემი მუშაობის პერიოდში ვანო ვაშაკიძის
დირექტორობის დროს ჩვენი სკოლის შენობას დააშენეს მესამე სართული.
კუკური სიხარულიძის დირექტორობის დროს
ჩვენი სკოლის ერთი ჯგუფი, პირადად ჩემი მეათე კლასი გადაკეთდა 37-ე პროფსასწავლებლის
ბაზად. მოსწავლეები იქ ისმენდნენ გაკვეთილებს და გამოცდებიც იქ ჩააბარეს.
სკოლაში მე-8 სამკერვალოს ბაზაზე გაიხსნა
დიდი საამქრო. ჩემი კლასის მოსწავლეები იქ მუშაობდნენ, სწავლობდნენ კერვას. ამ პერიოდში
სკოლის ეზოში აშენდა ორსართულიანი შენობა, სადაც გაიხსნა სადურგლო სახელოსნო, რომელშიც
ვაჟები ეუფლებოდნენ დურგლის პროფესიას. ეს პროცესი გაგრძელდა მხოლოდ კუკური
სიხარულიძის დირექტორობის ბოლომდე.
პირადად მე განსაკუთრებით მიყვარდა
მოსწავლეები. ყოველთვის მათ მხარეზე ვიდექი, გაჭირვების დროს ვეხმარებოდი და ვიცავდი.
რამდენიმე მოსწავლე გარიცხვას გადავარჩინე, რადგან მათ შეფობას ვალდებულებად ვიღებდი
და სკოლა დავამთავრებინე. ეს მოსწავლეები იყვნენ: ლოსაბერიძე, აბდუშელიშვილი, ტურაბელიძე,
ბუხაიძე, შამელაშვილი. დღეს ისინი საუკეთესო პიროვნებები არიან. ეს მოსწავლეები ხშირად
მიხსენებენ, ტელეფონით მიკავშირდებიან და ოჯახშიც მსტუმრობენ.
- მყავდნენ წარჩინებული მოსწავლეები, ისინი ძალიან მიყვარდნენ, მათაც ვუყვარდი და დღესაც თითქმის ყველას ვახსოვარ. ჩამოთვლა ძალზე შორს წამიყვანს, მაგრამ ზოგს მაინც დავასახელებ: გელა ლობჟანიძე, თამაზ ნებიერიძე, მაყვალა სვანიძე, ნინო ჩირაძე, ნატო ზაქარეიშვილი, გულიკო მაღლაფერიძე, გია მაღლაფერიძე, კახა ნურალიძე, ლევან ასლანიძე, ლალი ასლანიძე, მანანა იაშვილი, რუსუდან ებანოიძე, ქეთინო ჭეიშვილი, მადონა წულაია, მაგული წულაია, დათო აბულაძე, თემურ ყურაშვილი, ზაზა ნიჟარაძე, ნათია ბზიკაძე, რომან ხაჭაპურიძე, თამთა ხაჭაპურიძე, თამრიკო ხაჭაპურიძე, პაატა იოსელიანი, თამილა ქველიაშვილი, ნინო ღურჭუმელიძე, მანანა ღურჭუმელიძე, მაია ოჩხიკიძე, ნინო ჭაბუკიანი, ასმათ ღვინეფაძე, ლევან მაღლაკელიძე, მზია სულამანიძე, ნანა სულამანიძე, გია ქობალიანი, თამილა მალაციძე, ირმა თუთაშვილი, ნინო კაჭკაჭიშვილი, ზაზა კაჭკაჭიშვილი, პაატა აფხაიძე, ინეზა როინიშვილი, ინგა ლაბაძე, ნარგიზა ალხაზაშვილი, თამაზ ალხაზაშვილი, ტარიელ ჭარხალაშვილი, რეზო ჩხაიძე, რეზო გიორგაძე, ნათელა გიორგაძე, დები ქათამაძეები, მერი სულაქველიძე, ბელა ალხაზაშვილი, კობა ნადარაია, რომან ქორიძე, ნუკრი ქორიძე, მანანა ვახტანგაძე, ნანა იაშვილი, მანანა იაშვილი, ნინო ჭარხალაშვილი, ჯამბულ ღვინეფაძე, ხათუნა ღურჭუმელიძე, გიზო სირბილაძე, ციმი დოღონაძე, თეიმურაზ შალიკიანი, ვანო გვენეტაძე, გოგი გაბიჩვაძე, მამუკა მიქაბერიძე, ვახტანგ ჩხაბერიძე, კაკო ოქრუაძე, ნინო იამანიძე, რეზო მიქაუტაძე, რამაზ მიქაუტაძე, ფერიდე ნებიერიძე, ხატია სიმსივე, მეგი ოჩხიკიძე, მეგი გამთენაძე, ალეკო ჭელიძე, ნატო შიუკაშვილი, მერაბ ნიშნიანიძე და სხვები. ყველას ჩამოთვლას ვერც შევძლებ, რადგან ვერც მოვძებნი ისეთ მოსწავლეს, რომელიც მე არ მიყვარდა და მასაც არ ვუყვარდი.
განსაკუთრებით კარგი დამოკიდებულება მქონდა მოსწავლეთა მშობლებთან, რადგან ერთ საქმეს ვემსახურებოდით. ერთობლივი მუშაობით მიზანს ვაღწევდით, თუ მოსწავლეს რაიმე საეჭვოს შევნიშნავდით,
ერთობლივად ვასწორებდით. ხშირად ვიწვევდი მშობელთა კრებებს.
ყველა მშობელს პატივს ვცემდი და მათგანაც იგივეს ვღებულობდი. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი
ურთიერთპატივისცემა დღესაც გრძელდება.
ჩემი მუშაობის პერიოდში ბევრი მედალი
არ გასულა. მახსოვს მედალოსნები: სოსო კინწურაშვილი, ჰამლეტ წულაია, გია მაღლაფერიძე,
ტროფიმე და აპოლონ ძოძუაშვილები, გიზო ბრეგაძე, მაგული ქარქაშაძე, რეზო გიორგაძე და
ნინო იამანიძე.
80-იანი წლებიდან მედლის გაცემა თითქმის
აიკრძალა. ბევრი საუკეთესო მოსწავლე უმედლოდ გავისტუმრეთ სკოლიდან. დღეს ისინი საუკეთესო
პიროვნებები არიან.
პატივს ვცემდი და სითბოს არ ვაკლებდი ობოლ ბავშვებს. ხშირად ეკონომიურადაც ვეხმარებოდი მათ. მე ამ ბავშვებისაგან დიდი სითბო და სიყვარული გამყვა.
ბატონ ალიოშა სანდუხაძის დირექტორობის
დროს ჩვენი სკოლის 35 მოსწავლემ შრომითი სემესტრი გაიარა ნარაზენის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში,
ვკრეფდით ჩაის. შრომით რაზმს მე და სკოლის ორგანიზატორი მერი ვაშაკიძე ვხელმძღვანელობდით. ნარაზენის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში ქუთაისიდან
გაგზავნილი იყო 13 რაზმი. ჩვენი რაზმის მოსწავლეებმა ბრწყინვალედ გაართვეს თავი ამ
მეტად მძიმე და მნიშვნელოვან საქმეს. 13 რაზმში დავიკავეთ მესამე ადგილი.
1980 წ. ნათელა
ხობუა კოლეგებთან. დირექტორი კუკური
სიხარულიძე
სკოლაში ხშირად ტარდებოდა როგორც სასკოლო, ასევე საქალაქო გაკვეთილები, როგორც დაწყებით, ასევე მაღალ კლასებში. თუმცა ალექსანდრე სანდუხაძის დირექტორობის დროს საქალაქო გაკვეთილების ჩატარება არ გვჭირდებოდა, ყველა ჩვენი გაკვეთილი საქალაქო იყო. არ ვიცოდით, რომელი სკოლის რომელ მასწავლებელს მოესურვებოდა ჩვენთან მოსვლა, გაკვეთილზე დასწრება და გამოცდილების გაზიარება.
ჩემი მუშაობის პერიოდში უყოფაქცევო, ცელქი და განსაკუთრებული ხასიათის ბავშვები იშვიათად შემხვედრია. თუ შემხვედრია მათ გვერდში დავმდგარვარ და სწორ გზაზე დამიყენებია.
ჩემი ბევრი ყოფილი მოსწავლე დღეს იერუსალიმის მკვიდრია. ისინი ხშირად მიხსენებენ და მესაუბრებიან ტელეფონით. ესენია ლიანა ჩიკვაშვილი, შალვა მეგრელიშვილი, რაფიელ ელაშვილი,
ისაკ პაპიაშვილი, ნათელა პაპიაშვილი, კაკო ჩიკვაშვილი, დურსუნ
ნანიკაშვილი, მადონა ნანიკაშვილი, რაფიელ ფიჩხაძე, ლია იაკობაშვილი, ემა პაპიაშვილი, ისაკ ჩიკვაშვილი, ილია მოშიაშვილი და ა. შ.
ჩვენს აღზრდილებს არც იქ, ისრაელში
შეურცხვენიათ თავი. მაგალითად: რაფიელ ელიაშვილი - მინისტრია, ისაკ პაპიაშვილი - დოქტორი,
ბევრი მათგანი ექიმი და ინჟინერია და
საპატიო ადგილებზე მუშაობენ.
ლეილა კეზევაძე -
გეოგრაფიის
მასწავლებელი
მე-8 საშუალო სკოლაში მუშაობდა 25 წლის განმავლობაში, 1972 წლიდან 1997 წლამდე.
ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში მკვიდრდებოდა კაბინეტური სისტემა. ჩვენი სკოლა პირველი იყო ქალაქში, რომელიც სწავლების ამ ფორმაზე გადავიდა. სკოლას ხელმძღვანელობდა ბატონი ალიოშა სანდუხაძე, რომელმაც პედკოლექტივი დარაზმა ამ საქმისათვის. ვმუშაობდით კაბინეტების მოწყობაზე. აღვჭურვეთ ისინი ტექნიკური საშუალებებით: კინოაპარატებით, კოდოსკოპებით, დიაფილმებისა და დიაპოზიტივების საჩვენებელი მოწყობილობებით.
გეოგრაფიის კაბინეტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო სკოლაში, სადაც დაიდგა ახალი ავეჯი. მოეწყო კინოჯიხური, ავტომატური დაბნელება, რუკების
ჩასადგმელი. გაკვეთილებზე ვიყენებდი გლობუსებს, ჰერბარიუმებს, მინერალებს, სურათებს.
თვალსაჩინოების დახმარებით გაკვეთილები ტარდებოდა მაღალ დონეზე.
კაბინეტის ტექნიკური ბაზა საშუალებას იძლეოდა მიგვეღო პრაქტიკანტები
ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტიდან
(ხელმძღვანელები: დოც. დ. ნოზაძე, ა. თვალთვაძე).
გეოგრაფიაში შექმნილი იყო ორი წრე. მოსწავლეებს ვამუშავებინებდი
თემებს, რომლებიც იმარჯვებდნენ რესპუბლიკურ კონფერენციებზე და იმსახურებდნენ სიგელებს.
ერთ წელიწადს სამმა თემამ ერთდროულად გაიმარჯვა და გეოგრაფიის წრეც დაჯილდოვდა ქების
სიგელით. წრის წევრებისათვის ტარდებოდა ექსკურსიები ქალაქის მოწინავე წარმოება-დაწესებულებებში:
ავტოქარხანაში, ლიტოფონის, მინისტარის ქარხანაში, სტამბაში, აგრეთვე ხშირად ვსტუმრობდით
ისეთ ღირსშესანიშნავ ადგილებს როგორიცაა: სათაფლია, გელათი, მოწამეთა,
გეგუთი და ა.შ. ვიმოგზაურეთ ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში: ფშავ-ხევსურეთში, სვანეთში, აფხაზეთში,
ვარძიაში. ვესტუმრეთ სომხეთსაც. შთაბეჭდილებებს სტენდის ,,ჩვენი ექსკურსიები“ საშუალებით
ვაცნობდით მთელ სკოლას.
ამ პერიოდში სკოლა გამოირჩეოდა მრავალრიცხოვანი მოსწავლეთა
კონტინგენტით. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, მქონდა ურთიერთობა
ხასიათების მიხედვით განსხვავებულ მოსწავლეებთან,
მათ შორის ძნელადაღსაზრდელებთანაც. მათთან მუშაობას მიადვილებდა გამოცდილი პედაგოგები:
ეთერ ბურჯანაძე, თამარ ჩაგელიშვილი, ნათელა ხობუა, არჩილ ბარდაველიძე, მერი ვაშაკიძე,
ლილი იობიძე და სხვები. მათი გამოცდილების გაზიარება
ბავშვებთან მუშაობისას, ათასგვარი წინააღმდეგობისა და სირთულის მიუხედავად, საინტერესო
იყო. მე, უმეტესად უფროსკლასელებთან ვმუშაობდი და გარდა
გეოგრაფიისა, გაკვეთილზე უამრავ თემაზე მქონდა საუბარი. ეს საუბარი გრძელდებოდა გაკვეთილების
შემდეგაც. განსაკუთრებით საინტერესო იყო მათი მოსმენა. ისინი ახლებურად აზროვნებდნენ, ფაქტებს თავისებურად
ხსნიდნენ და სიმართლეს ეძებდნენ. პატივს ვცემდი მათ აზრს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ
ნდობას დავკარგავდი.
ვერ ვიტყვი, რომ ყველა ჩემი მოსწავლე გეოგრაფიით გატაცებულნი
იყო, მაგრამ გაკვეთილებზე ვახერხებდი მათ დაინტერესებას
რუკებზე, ატლასებზე მუშაობით, გაკვეთილის პროცესში ბავშვების ჩართვით, დასაქმებით.
განსაკუთრებით ექსკურსიებზე ვუახლოვდებოდით ერთმანეთს, იქ მჟღავნდებოდა
მათი დადებითი და უარყოფითი თვისებები, რასაც რეაგირების გარეშე არ ვტოვებდი.
ჩემთვის (და არა მარტო ჩემთვის) დიდი ტრაგედია იყო და დღემდე ცრემლებს ვერ ვიშრობ
იმ უდროოდ ჩამქრალ სიცოცხლეთა გახსენებისას, რომელთა სიკვდილმა წარუშლელი კვალი დატოვა
ჩემზე (ახლაც ცრემლები მახრჩობს ამას რომ ვწერ). პირველი ელდა იყო ვახტანგ გაბადაძე,
რომელიც ავღანეთში დაიღუპა, ბანდიტებთან ბრძოლას შეეწირა ჯაზის ოსტატი ლუიკო გაბრიჩიძე.
ტრაგიკულად დაიღუპნენ ბელა იობაშვილი, გოჩა გაბუნია, მირიან დოღონაძე... (ნათელში ამყოფოთ).
საინტერესო იყო მოსწავლეთა მშობლებთან მუშაობა, შეხვედრები
მშობელთა კრებებზე, ექსკურსიებზე. ვგრძნობდი მათგან ჩემდამი პატივისცემას. ისინი მხარში
მედგნენ, რათა ერთობლივად დაგვეძლია სირთულეები, რაც თან ახლავს ბავშვთა სწავლა-აღზრდის
საქმეს.
მე-8 სკოლამ ბევრი ნიჭიერი და ბეჯითი მოსწავლე გამოზარდა,
განსაკუთრებით გამოვყოფდი ნინო და მამუკა იამანიძეებს, ნატო ცუცხვაშვილს, თამილა შერგელაშვილს, უჩა ხაჭაპურიძეს, კახა ნურალიძეს...
ეს მოსწავლეები უმაღლეს შეფასებას იმსახურებდნენ არა მარტო ჩემს საგანში, არამედ სხვა საგნებშიც. ისინი ღირსნი იყვნენ ოქროს მედლების, მაგრამ ჩემი მუშაობის პერიოდში ოქროს მედლებს უკვე აღარ იძლეოდნენ...
მე-8 სკოლაში მუშაობის 25 წელი ჩემი ცხოვრების ნათელი ფურცელია. არ შემიძლია არ აღვნიშნო სკოლის პედკოლექტივის მაღალი პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა, კოლეგიალობა. ამ ხნის მანძილზე სკოლას ხელმძღვანელობდნენ ცნობილი დირექტორები: ალექსანდრე სანდუხაძე, რომლის დაწყებული საქმე ღირსეულად გააგრძელა რომან ცინცაძემ,
შემდეგ იყვნენ უფრო ახალგაზრდები: კუკური სიხარულიძე, ავთო ქურასბედიანი, რომლებმაც
თავისი წვლილი შეიტანეს სკოლის ცხოვრებაში (ნათელში ამყოფოს ოთხივე).
ნორა ბურჯანაძე -
მათემატიკის
მასწავლებელი
მე-8 სკოლაში მუშაობდა 1972 წლიდან 1993 წლის თებერვლამდე.
სხვადასხვა წლებში -
სიმონეთის საშუალო სკოლაში /9 წელი/,
ამდენივე ქუთაისის
მე-15
საშუალო სკოლაში.
საშუალო სკოლაში.
ორივე სკოლა – სიმონეთის საშუალო და ქუთაისის მე-15, სანიმუშო იყო, შესანიშნავი დირექტორებით, მაგრამ ვერც ერთს ვერ შევადარებ მე-8 საშუალო სკოლას.
მე-8 სკოლაში ბატონი ალიოშას და ბატონი
არჩილის თხოვნით წამოვედი. ბატონი ალიოშა სანდუხაძე იყო უნიკალური, ბრწყინვალე პიროვნება. სკოლის ნამდვილი თავკაცი,
საკუთარი ოჯახივით უვლიდა ყველას და ყველაფერს. სახლიდან მოჰქონდა და სკოლას ახმარდა,
მისი დირექტორობის დროს სკოლა გადავიდა კაბინეტურ სისტემაზე. ბატონი ალიოშა მაგალითს გვაძლევდა თითოეულ პედაგოგს, როგორი ენთუზიაზმით უნდა გვემუშავა, როგორ უნდა გვეზრუნა საკუთარი კაბინეტების მოწყობისათვის. გვეუბნებოდა: ,,ესაა ჩვენი ბეღელი, სასიმინდე, გაუფრთხილდეთ
მას, მოვეფეროთ და ვიზრუნოთ სკოლის კეთილდღეობისათვისო”.
ყველა პედაგოგმა დიდი მონდომებით დაიწყო კაბინეტების მოწყობა. პირადად მე ახალი მოსული ვიყავი და ჩამაბარეს 3 კაბინეტი აბსოლუტურად ცარიელი.
შევუდექი მის გამდიდრებას. გვერდით დამიდგა მშობლები - ბესო ხიდაშელის მამამ თბილისიდან
ჩამოგვიტანა კოდოსკოპი, მამუკა იმნაძის მამამ დამიმზადა ხელსაწყო, რომელშიც ჩაპროგრამებული
იყო ყველა წესი და ფორმულა ალგებრიდან, გეომეტრიიდან, ტრიგონომეტრიიდან. ყოველ სწორ პასუხზე ღილაკზე ხელის დააჭერის დროს
ხელსაწყო ნათდებოდა, არასწორზე კი არ რეაგირებდა.
ამ ხელსაწყომ ძალიან შემიწყო ხელი, ბავშვები დიდი ინტერესით სწავლობდნენ წესებს და ფორმულებს. მშობლებმა შეუძინეს კაბინეტს
ფილმოსკოპი, კოდოსკოპი, პლაკატები, მაგნიტური დაფა, გეომეტრიული ფიგურები და მისი კარკასები,
ტრიგონომეტრიული წრე, რომელიც ძალიან ეხმარებოდა ბავშვებს ტრიგონომეტრიული ფორმულების
დამახსოვრებაში. კაბინეტს ამშვენებდა ცნობილი მათემატიკოსების სურათები. საკუთარი სახსრებით კაბინეტში ამოვაშენე
კარადა ვიტრინით, სადაც დალაგებული მქონდა გეომეტრიული ფიგურები.
ებრაელმა ბავშვებმა, როცა ისინი ისრაელში
მიდიოდნენ კაბინეტისათვის დამიტოვეს სამახსოვრო საჩუქრები - გეომეტრიული ფიგურების
კომპლექტი, ცხრილები, პლაკატები, ლოგარითმული სახაზავი და სხვ.
ასეთ მოწყობილ კაბინეტში ყოველი ჩემი
გაკვეთილი ძალიან დატვირთული და სახალისო იყო. მე მწამდა, რომ მოსწავლეთა აზროვნების
განვითარება სწავლების ხარისხის ამაღლების დიდმნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. მთელი სერიოზულობით
ვემზადებოდი გაკვეთილებისთვის. ვიყენებდი ტექნიკურ ხელსაწყოებს - კოდოსკოპს, ეპიდიასკოპს,
ფილმოსკოპს, სქემებს, დიაგრამებს, ტაბულებს, ვარჩევდი სავარჯიშოებს, როგორც ზეპირ,
ისე წერითი და დამოუკიდებელი სამუშაოებისთვის, ვატარებდი კომენტირებულ წერებს.
მოსწავლეთა გონების ორგანიზებული წვრთნა,
ვარჯიში, ევრისტიკული მეთოდების მომარჯვება, საშუალებას მაძლევდა მოსწავლეთა დახმარებით
ამეხსნა ახალი მასალა. მოსწავლეები „პატარა
მკვლევარის“ როლში გამოდიოდნენ, დასმული კითხვების ირგვლივ იძლეოდნენ სწორ, ამომწურავ
პასუხებს.
ჩემი მიზანი იყო განმევითარებინა მოსწავლეებში
მათემატიკური კულტურა. ვცდილობდი გამომევლინა მათემატიკით დაინტერესებული
ბავშვები და მათთან ვატარებდი ჯგუფურ მუშაობას. ვიყავი ძალიან მკაცრი
და მომთხოვნი პედაგოგი. რის გამოც დიდ კმაყოფილებას გამოთქვამდა მშობლები. ძალიან მეამაყებოდა
საქალაქო თუ სპეციალური გაკვეთილები, მეთოდური სხდომები.
მეთოდ. კომისიაში, მათემატიკის სექციებზე,
ინსტიტუტის სამეცნიერო მეთოდურ კონფერენციებზე წაკითხული მაქვს საინტერესო და მრავალფეროვანი
მოხსენებები, მათგან გამოვყოფდი რამდენიმეს - „ანალიზისა და სინთეზის მეთოდები გეომეტრიის
სწავლებაში,“„კვადრატული უტოლობის ამოხსნა ინტერვალთა მეთოდით.“ ეს მოხსენება ხელში
აიტაცა ქალაქის სკოლების უმრავლესობამ და ამ მეთოდით დაიწყეს კვადრატული უტოლობების
ამოხსნის სწავლება.
1974
წ. ნორა ბურჯანაძე
გაკვეთილზე
სკოლაში ვხელმძღვანელობდი „მოწინავე გამოცდილების სკოლას“, მასწავლებლებს ვაცნობდი სიახლეებს და აქტუალურ
საკითხებს, რაც თანამედროვე მათემატიკაში მკვიდრდებოდა.
განზოგადოებული იქნა ჩემი მუშაობა განათლების და დახელოვნების ინსტიტუტის მიერ. დავამზადე ჩემი გაკვეთილების ამსახველი ალბომი, რომელიც გადაგზავნილი იქნა თბილისის დახელოვნების ინსტიტუტში.
სკოლაში ჩავატარე საქალაქო მათემატიკური საღამო, რამაც დიდი
აღფრთოვანება გამოიწვია ქალაქის ხელმძღვანელობაში.
მონიჭებული მაქვს „სახალხო განათლების წარჩინებულის წოდება.“
ასეთმა მუშაობამ ძალიან ბევრი მოსწავლე წარმოაჩინა თავისი ნიჭითა და უნარით. კლასში ბევრი კარგი მოსწავლე გამოვლინდა.
ხალისით და სიყვარულით ვმუშაობდი ჩემს კაბინეტში, სახლში წასვლაც არ მინდოდა. სკოლაშივე ვგეგმავდი მეორე დღის გაკვეთილებს, ვადგენდი როგორც საზეპირო, ასევე კოდოსკოპისათვის
საჭირო სავარჯიშოებს, ვარჩევდი ფილმოსკოპის ფირებს. ჩემს გაკვეთილებს ბატონი ლევან კაკაბაძე თეატრალურ გაკვეთილებს უწოდებდა.
საქმიანი ფუსფუსი ისმოდა მთელ სკოლაში.
ყველა პედაგოგი ბეჯითად შრომობდა. ირგვლივ ამაღლებული სულისკვეთება იგრძნობოდა. სკოლა შესანიშნავად მოგვიწყო ბატონმა ალიოშა სანდუხაძემ, რომელსაც გვერდით ედგა სასწავლო ნაწილის გამგე ბატონი არჩილ ბარდაველიძე, რომელიც თავდადებით მუშაობდა სკოლისათვის, იყო ძლიერი მათემატიკოსი. გვიყვარდა ერთად ურთულესი ამოცანების და მაგალითების
ამოხსნა, რაც დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა. ხშირად ვიყრიდით მის კაბინეტში თავს და დაღლილობიდან
რომ გავთავისუფლებულიყავით, ვხუმრობდით კიდეც. ქუთაისში მე-8 სკოლას ბადალი
არ ჰყავდა. განათლების მეთოდისტებს მე-8 სკოლაში წამოსვლა შემოწმებისათვის
კი არ უნდოდათ, არამედ იმისათვის, ჩვენგან რომ ესწავლათ რაიმე სიახლე.
მეამაყება, რომ დღეს ქუთაისის ბევრ
სკოლას ჩემი აღზრდილები ამშვენებენ და კარგ მათემატიკოსებად არიან აღიარებული. მე-8
სკოლასაც ამშვენებს ნიჭიერი მათემატიკოსი მალვინა ლაღიძე, რომელმაც მითხრა, ნორა მასწავლებელო,
თქვენი სიყვარულით გავხდი მათემატიკოსიო.
მე მინდა მოვიგონო მათემატიკური ნიჭით და უნარით დაჯილდოვებული ბავშვები - იამანიძე
მამუკა, ხიდაშელი ბესო, შერგელაშვილი თამილა, გაბრიაძე რუსიკო, გაბრიაძე გია, ძოწენიძე
ავთო, ჩირაძე ნინო, ნურალიძე კახა, ჭეიშვილი ნატო, გაბენია ნანა, ხაზარაძე დათო, ოჩხიკიძე
მეგი, ფურცხვანიძე დათო, ლაღიძე მალვინა, ოჩხიკიძე მაია, ჭელიძე დათო, ჭელიძე თამაზი,
არიშვილი თემური,
1975 წ. ნორა
ბურჯანაძე გაკვეთილზე
ძოწენიძე ცისანა, ზაქარეიშვილი ნატო, გაბადაძე
ჯუნა, მირილაშვილი
აბრამ, ჟვანია ქეთინო, ნიჟარაძე ზაზა, სვანიძე ნათია, ღურჭუმელიძე მანანა, ღურჭუმელიძე ზაალ, გიორგაძე თამილა, აბულაძე მაკა, გაგნიძე ნუგეშა, უღრელიძე
დათო, არსენიძე ლამზირა, გიორგაძე კობა, ხაზარაძე გიორგი, პატარიძე მაია, კერესელიძე ინგა, სულაქველიძე ვაჟა, სვანიძე ლელა, ბუსკივაძე ლევან, გოგიაშვილი
ქეთინო, გოშხეთელიანი კახა, ივანეიშვილი ნინა, ყუფარაძე მაია,
ყუფარაძე მირიანი, ნებიერიძე ფერიდე, სულაქველიძე ვაჟა და სხვა მრავალი.
მოწინავე მოსწავლეებიდან მინდა გამოვყო ნურალიძე კახა. მე როგორც დედას და აღმზრდელს მახარებს, რომ მე-8 სკოლის პედაგოგებმა აღვზარდეთ ღირსეული მამულიშვილი, ერუდირებული პიროვნება, რომელშიც უხვადაა აზრის სიღრმე და ცოდნის ენციკლობედიურობა. კახამ ღირსეულად და სამართლიანად დაიმსახურა ოქროს მედალი, ასევე მინდა გამოვყო იამანიძე მამუკა, რომელიც მეცნიერულ მუშაობას ეწევა პეტერბურგში.
სალაპარაკო და დასაწერი ბევრია, უამრავი სახუმარო შემთხვევა მახსოვს, გავიხსენებდი რამდენიმეს...
სადამრიგებლო კლასი, რომელსაც მე დავამთავრებინე, აღვზარდე და ჩამოვაყალიბე ძალიან მეგობრულ
ბავშვებად, იყვნენ
საოცრად დისციპლინირებულები, სწავლობდნენ კარგად, უყვარდათ
ერთმანეთი, გამოირჩეოდნენ სკოლაში ყველა კლასებისაგან
თავიანთი წესრიგით, სწავლით; დღემდე დარჩნენ
ერთმანეთის მიმართ უაღრესად ყურადღებიანები და მეგობრულები. მართალია
დაოჯახდნენ, გახდნენ მშობლები, ბევრმა ქალიშვილებიც გაათხოვა და ვაჟებიც დააქორწინა, მაგრამ ერთმანეთი არ დაუკარგავთ, დღესაც იყრიან თავს დღეობებზე, თან მეც წამიყვანენ ხოლმე. მაქეიფებენ, დროს გამატარებინებენ და უსაზღვრო სითბოს და სიყვარულს
მაგრძნობინებენ.
ჩემი მოსწავლეები ერთმანეთს გვერდით
უდგანან ჭირში და ლხინში. მეუბნებიან, – ნორა მასწავლებელო, ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა, თქვენ გაგვზარდეთ ასეთი სულისკვეთებითო. ერთ წელს საირმეში ვისვენებდი,
გაუგიათ ჩემი იქ ყოფნა და ჩემს საამებლად სამი
მანქანით, პურ-მარილით დატვირთულები ამოვიდნენ,
მკოცნეს, მეფერეს, გაშალეს სუფრა, ბევრი რამ გავიხსენეთ, მოვესიყვარულეთ ერთმანეთს და შეხვედრით კმაყოფილები
გამოემგზავრნენ ქუთაისისკენ.. მთელი დამსვენებლები გაოცებული დარჩნენ, ამდენი ხნის
მანძილზე ბავშვებს თავიანთი დამრიგებელი ასე უყვარდეს, არ გაგვიგონიაო.
ამ შესანიშნავ სადამრიგებლო კლასს რომ დავამთავრებინე, (სასწავლო წლის დასაწყისში მე-5 კლასი ჩამაბარეს სადამრიგებლოდ, ძალიან მოძრავი და ცელქი ბავშვები იყვნენ). ვფიქრობდი,
რა ღონისძიება გავატარო ისეთი,
რომ კლასში ამაღლდეს სასწავლო პროცესი და წესრიგიანობა-მეთქი.
ერთ დღეს მივდივარ სახლში და გიორგი ხაზარაძის სახლს რომ მივუახლოვდი, გავიგონე
საოცარი ყვირილი, კივილი, ხმაური. გადავიხედე ეზოში და რას ვხედავ, გიორგი დარბის,
გარშემო უვლის საქათმეს და მთელი ძალით ყვირის და კივის. ჩუმად გავიპარე, რომ არ შევემჩნიე. მეორე დღეს შევედი გაკვეთილზე და გიორგის ვეუბნები,
რომ ტელევიზორში ვნახე მისი წინა დღის მოქმედება, თუ როგორ აწიოკებდა ქათმებს. გაოცებული,
შეშინებული თვალებით მიყურებდა ბავშვი, სხვებმა მკითხეს, ჩვენც გვიყურებ, მასწავლებელოო?
რა თქმა უნდა– მეთქი, მივუგე. ჩემს ტელევიზორს
ისეთი მოწყობილობა აქვს, ყველა თქვენს მოქმედებას ვაკონტროლებ, ვხედავ ვინ ბეჯითია
და ვინ უსაქმოდ დადის-მეთქი. გაოცებული თვალებით
შემომცქეროდნენ, ჩემი უჩინარი ტელევიზორის ამბავი სწრაფად გავრცელდა მთელი სკოლის მოსწავლეებში.
მშობლები ჩუმ-ჩუმად მაგებინებდნენ თავიანთი შვილების ამბებს,
მე კი მეორე დღეს ვუყვებოდი, თითქოსდა მართლა ვნახე ეს ყველაფერი.
ერთ დღეს ვამბობ, ბავშვებო, ჩემი ტელევიზორით დავათვალიერე თქვენი სამეცადინო
კუთხეები და ბევრის არ მომეწონა, წამოხტა აბულაძის გოგონა და მეუბნება: ნორა მასწავლებელო,
ის ჩემი სამეცადინო კუთხე არ არის, სახლში რემონტი გვაქვს და ჩემი დის სამეცადინო მაგიდასთან
ვიჯექი.
1975
წ. სკოლის დირექტორი რომან ცინცაძე
და მათემატიკის მასწავლებელი ნორა ბურჯანაძე.
ნიკა მაჩიტიძის დედა მეუბნება (საიდუმლოდ) მიშველე რაიმე ნორა მასწავლებელო,
მეცადინეობის დროს წამოწვება, დაიკავებს წიგნს ხელში და ძინავსო.
მეორე დღეს, რა თქმა უნდა მოვახსენე ყველაფერი
ნიკას, თან უფრო გავაფორმე. დავტუქსე კიდეც, არა გრცხვენია, ძილის მეტს რომ არაფერს აკეთებ სახლში-მეთქი.
ამჟამად ნიკა მაჩიტიძე მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეა და ახლაც გავაფრთხილე პატიოსნად იმუშავე, თორემ ტელევიზორში დაგინახავ-თქო.
ერთხელ მოვიდა მშობელი და მეუბნება, სტუმრები მომივიდა, სამწუხაროდ სახლში პური არ მქონდა. ვეხვეწე
ბავშვს, მაღაზიაში გამეგზავნე და პური იყიდე-თქო. ვერაფრით ვერ გავაგზავნე, ნორა მასწავ-ლებელი დამინახავს ტელევი-ზორით
და გამლახავსო.
ასე რომ, ჩემი უჩინარი ტელევიზორი ძალიან პოპულარული იყო, ბავშვები უფრო დამჯერენი გახდნენ, სახლში რომ მივიდოდნენ,
სანამ გაკვეთილებს არ მოამზადებდნენ, გარეთ არ გამოვიდოდნენ, ნორა მასწავლებელი დაგვინახავსო.
ამგვარად, ამ მეთოდით ისე გამოვასწორე
კლასი, რომ ბოლოს ერთ-ერთი სანიმუშო და მისაბაძი ბავშვები გახდნენ სწავლასა თუ დისციპლინაში...
ბატონი ალიოშა სანდუხაძე შეცვალა რომან
ცინცაძემ, მართალია ეშინოდა ალიოშა სანდუხაძის ნაკვალევზე სიარული, მაგრამ გაართვა თავი. პედაგოგებმა ბატონი რომანის დროსაც ჩვეული ენერგიით განვაგრძეთ
მუშაობა. ბატონი რომანი ქალაქკომის III მდივნად გადაიყვანეს და მისი ადგილი დაიკავა ბატონმა კუკური
სიხარულიძემ, შემდეგ ავთო ქურასბედიანმა. ბატონების ალიოშა სანდუხაძისა
და რომან ცინცაძის სათავეებიდან სკოლა ინერციით მოდიოდა და ინარჩუნებდა სანიმუშო ტრადიციებს,
რომელიც შემდგომ პერიოდში სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა . . . ბოლოს, ბატონმა რეზო სირბილაძემ
შეძლო სკოლის დაკარგული ტრადიციების აღდგენა და წარმატებულ გზაზე დაყენება.
მე-8 სკოლას მის შესანიშნავ კოლექტივს
და სკოლის თავკაცს ბატონ რეზოს ვუსურვებ სიკეთეს, წინსვლას, აღორძინებას.
მტკივნეულად განვიცადე კოლეგებთან განშორება,
მაგრამ პრინციპი უფრო მაღლა დავაყენე და ამით საოცარი მაგალითი ვუჩვენე სხვებს.
მინდოდა ჩემს აღზრდილებს ისეთივე შემოვრჩენოდი
მეხსიერებაში, როგორიც ვიყავი.არ მინდოდა ჩემს მიერ ჩატარებულ გაკვეთილს
რაღაც დაკლებოდა, ჯერ მართალია ადრე იყო, მაგრამ წლების შემდეგ წასვლა უფრო გამიჭირდებოდა.
აუცილებელი არაა პედაგოგი ღრმა მოხუცებულობამდე
დარჩეს სკოლაში მანამ, ვიდრე გაკვეთილებზე არ ჩამოეძინება, ან რაღაცას დაფაზე ვერ ამოიკითხავს.
ღირსება ის არის, იცოდე, როდის წახვიდე.
ჩემი და ჩემზე უფროსი თაობების მასწავლებლები ერთად რომ შემაკრებინა ვეტყოდი: ჩვენ, ჩვენი სათქმელი უკვე ვთქვით,
ახლა ახალგაზრდებს ვადროვოთ, გზა დავუთმოთ, მათ ახალი სიცოცხლე მოაქვთ!
. . . გულისწყვეტით გამაცილა პენსიაზე
სკოლამ. მშობლები და ჩემი აღზრდილები სკოლიდან ნაადრევად წასვლის გამო, დღესაც საყვედურს მეუბნებიან.
მიმართვა სადამრიგებლო კლასის ყოფილ მოსწავლეებს სკოლის
დამთავრების 20 წლისთვაზე:
20 წლის წინ თქვენ დაამთავრეთ მე-8 სკოლა.
სკოლა, რომელშიც ჩქეფდა სიცოცხლე, სწავლა-აღზრდის საკითხი მაღალ დონეზე იდგა,
თქვენი მშობლიური სკოლა დუმბაძისეული სკოლა იყო, სადაც გასწავლიდნენ უწმინდესი და უნეტარესი
პედაგოგები, რომლებიც ენერგიას არ ზოგავდნენ,
რომ სახელოვანი გაეზარდეთ. სკოლას თქვენს დროს
ხელმძღვანელობდა ბრწყინვალე პიროვნება ბატონი რომან ცინცაძე, რომელმაც შიშით
დაიწყო ბატონი ალიოშა სანდუხაძის ნაკვალევზე სიარული, შემდეგ კუკური სიხარულიძე. თქვენ
დღეს უნდა იამაყოთ, რომ ამ დიდი ტრადიციების მქონე სკოლის კურსდამთავრებულები ბრძანდებით.
ამ 20 წლის წინ, დიდი შინაგანი მღელვარებით,
ტკივილშეპარული, ამაღლებული განცდით, დაგემშვიდობათ მშობლიური სკოლა, მასწავლებლები,
რომლებიც წლების მანძილზე გამზადებდნენ დაუფლებოდით მეცნიერებათა საფუძვლებს, გასწავლიდნენ
სიყვარულს ქვეყნისას, საზრდოს აძლევდნენ თქვენს ოცნებებსა და ლამაზ ფიქრებს, გასწავლიდნენ
სწორად განსჯის უნარს, მიმართულებას აძლევდნენ თქვენს სწრაფვასა
და შესაძლებლობებს. მოგიწოდებდნენ არ გადაგეხვიათ სწორი გზიდან, რომელზედაც სკოლამ დაგაყენათ.
არ შემცდარიყავით არჩევანში, საფუძვლიანად შეგეფასებინათ თქვენი შესაძლებლობანი და დადგომოდით ცხოვრების სავალს,
წასულიყავით იმ გზით, საიდანაც მეტ სარგებლობას მოუტანდით ხალხს-ჩვენს ქვეყანას, საკუთარ
თავს კი ბედნიერებას.
დღეს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ თავს, რომ გხედავთ ჩვენი დიდი შრომის შედეგს. თქვენ უკვე გაამართლეთ
სკოლის იმედები, თქვენ ყველამ იმ გზით იარეთ, რა შესაძლებლობებიც გაგაჩნდათ. ზოგმა უმაღლესები დაამთავრეთ, ზოგმა იმ საქმეს მოკიდეთ
ხელი, რისი შესაძლებლობაც გქონდათ.
მე ბედნიერი ვარ თქვენს გამო. უმრავლესობა
დაოჯახებული ხართ, ამრავლებთ თქვენს გენს, იმედი მაქვს, ისინიც დაამთავრებენ მე-8 საჯარო სკოლას, რომელსაც
ამჟამად სათავეში ჩაუდგა ბატონი ალიოშა სანდუხაძის მსგავსი პიროვნება რეზო სირბილაძე, რომელიც გახდის ამ სკოლას ისეთს, როგორიც ბატონი
ალიოშას დროს იყო და სკოლას დაუბრუნებს იმ სასახელო ტრადიციებს, რაც გააჩნდა წლების
წინათ.
მე პირადად ძალიან მიყვარს ჩემი მშობლიური
სკოლა. ვიმეორებ ვასო გოძიაშვილის სიტყვებს „ჩემო კედლებო მიყვარხართ ისე, როგორც მიყვარდით
მაშინ.“ მალე მენახოს ეს სკოლა გალამაზებული და აღორძინებული.
40 წლის მანძილზე უამრავი ახალგაზრდა აღვზარდე, ყველანი სასახელონი და კარგი პიროვნებები
არიან, მაგრამ მათ შორის თქვენ სრულიად გამორჩეულები ხართ. მთელ სკოლაში გამოირჩეოდით სწავლით, დისციპლინით, სილამაზით, მუსიკალურობით, ოჯახიშვილობით. 7 წელი თქვენი კლასის ხელმძღვანელი ვიყავი, საკუთარი შვილებივით გზრდი- დით. ბედნიერი ვარ, რომ ყველანი კარგად ხართ, ჯანმრთელად, ლამაზად და ასე ბედნიერად გამყოფოთ ბუნების ძალამ
კიდევ 100 წელი. გული მომიკლა ჩემი კობას და ფრიდონის გარდაცვალებამ, ორმაგად ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ისინიც თქვენ
გვერდით იყვნენ. თავს გამარჯვებულად ვგრძნობ, რომ ცხოვრებაში დარჩით მეგობრულები, გიყვართ ერთმანეთი. ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებთ,
ერთ მუშტად ხართ შეკრული, არ ივიწყებთ საყვარელ კლასის ხელმძღვანელსაც.
1982 წელი. 1 სექტემბერი.
42 წლის პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე ძალიან ბევრი
კარგი მოსწავლე აღვზარდე და ჩავუნერგე მათემატიკისადმი დიდი სიყვარული, რასაც მივაღწიე იმით, რომ მქონდა მკაცრი და მომთხოვნი მასწავლებლის იმიჯი, ამავდროულად
ჩემს პიროვნებაში იგრძნობდა დიდი სიწმინდე
და სისპეტაკე, რასაც აფასებდა როგორც აღსაზრდელები, ასევე მშობლებიც.
ძალზედ მეამაყება, რომ ჩვენს ქვეყანას
ამშვენებს მე-8 სკოლის აღზრდილები. მათ შორის
განსაკუთრებით მინდა გამოვყო კახა ნურალიძე, რომელიც ჩვენს თვალწინ აღიზარდა, ჩვენ
დავაფრთიანეთ და ამჟამად ქალაქის უდიდეს კლინიკას ხელმძღვანელობს.
კახა ნურალიძე განათლებული, კეთილი
და პატიოსანი პედაგოგების ოჯახში აღიზარდა. ამიტომაც კახა
თანაკლასელებიდან გამოირჩეოდა ოჯახიშვილობით, ლამაზი სულით, ზრდილობითა და თავაზიანობით. იყო ძალიან მეგობრული, წიგნიერი, აზრიანი, ნიჭიერი ბავშვი. სწავლას დიდი
პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. მას სწამდა, რომ კარგი სწავლით,
ღრმა და საფუძვლიანი ცოდნის მიღებით უეჭველად გაიმარჯვებდა. კახას ესმოდა, რომ შრომა ყოველთვის შედეგს გამოიღებდა, სანთელ-საკმეველი
თავის გზას არასდროს რომ არ დაკარგავდა. კახას გააჩნდა დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა.
მხვნელ-მთესველივით მუდამ ერთგულად შრომობდა. ის არც ერთ წუთს, საათს, დღეს არ კარგავდა.
მან კარგად იცოდა, რომ დაკარგულ დროს ვერასოდეს აინაზღაურებდა.
კახა ყველა პედაგოგის უსაზღვრო სიყვარულს
იმსახურებდა. ის მიღწეულით არასდროს არ კმაყოფილდებოდა, იღწვოდა სულ უფრო და უფრო მეტისკენ,
ამიტომაც სამართლიანად და ღირსეულად დაიმსახურა დიდი ჯილდო – ოქროს მედალი.
კახა დიდ სიკეთეს ასხივებს ყველა თანაქალაქელის მიმართ,
ყველას დახმარების ხელს უწვდის ყოველგვარი ანგარების გარეშე. მისი კვალი მუდამ ნათელია.
ნარგიზა (მარო) რიჟინაშვილი-იაკობაშვილი
გერმანული
ენის მასწავლებელი
დაიბადა 1937 წელს ქუთაისში, დაამთავრა მე-13 საშუალო (რუსული) სკოლა.
1961-62 წლებში კი - ქ. ქუთაისის ალ. წულუკიძის
სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის
ფილოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით გერმანული ენა, რუსული ენა და ლიტერატურა.
მე-8 სკოლაში მუშაობდა 36 წლის მანძილზე,
1962 წლიდან 1998 წლამდე.
1962 წელს დავიწყე მუშაობა ქ. ქუთაისის მე-8 საშუალო
სკოლაში. იმ პერიოდში სკოლას ხელმძღვანელობდა ხანდაზმული დირექტორი ვანო ვაშაკიძე და სასწავლო
ნაწილის გამგე რაისა ჭირაქაძე. კოლექტივმა გულთბილად მიმიღო, ყურადღებას არ მაკლებდნენ გამოცდილი მასწავლებლები ნუჩიკო ვასაძე, ჟენია ნოსელიძე,
თინა ბოჭორიშვილი, მერი ვაშაკიძე და სხვ.
ჩემთან ერთად გერმანულ ენას ასწავლიდა
დიდი გამოცდილების პედაგოგი ნათელა ხობუა, შემდეგ დაგვემატა შორენა ბოგვერაძე და ნარგიზა ნადარეიშვილი. ვუმადლი ღმერთს, რომ კარგ კოლექტივში მომახვედრა,
ამიტომ მაქსიმალურად გამოვიყენე ჩემი შესაძლებლობა და აღვზარდე მრავალი სახელოვანი
ადამიანი - ექიმი, ეკონომისტი, ინჟინერი, პედაგოგი. ისინი არ ივიწყებენ ჩემს ამაგს,
სხვადასხვა ფორმით მიგონებენ კეთილად. ჩემმა აღზრდილმა, ექიმმა, მაგული წულაიამ პრესის
ფურცლებზე ასე აღნიშნა: „ნარგიზა რიჟინაშვილმა გერმანული ენა ისე მასწავლა, რომ სტუდენტობისას
ამ საგანში სხვებს ვჯობდი და ეს სწორედ მისი დამსახურებაა.“ მრავალი სხვა აღზრდილითაც
შემიძლია ვიამაყო, როგორებიც არიან: გია ხარატიშვილი (ისტორიკოსი), ოლოლი ალხაზაშვილი
( ცხოვრობს გერმანიაში, სადაც შექმნა საუკეთესო ოჯახი), მარინა ფერაძე, ეკა ბობოხიძე,
მაგდანა გოგოლაშვილი, აგრეთვე კეთილად ვიგონებ ეკა და ირაკლი ებანოიძეებს, ნია აბულაძეს,
უჩა და თამთა ხაჭაპურიძეებს. აგრეთვე კლასს, სადაც ვასწავლიდი რუსულ ენას, ეს იყო უმაღლესი
დონის კლასი, მინდა სათითაოდ ჩამოვთვალო ამ კლასის წარჩინებული მოსწავლეები თავიანთი
კლასის ხელმძღვანელით (მანანა ქათამაძე): ნათია ცეცხლაძე, გოჩა ცქიფურიშვილი, ელისო
ჭარხალაშვილი, ალეკო გვენცაძე, ლაშა დოღონაძე. კეთილად მინდა მოვიგონო სკოლის საქმეთამმართველი
გოგონა ქველიაშვილი, რომელიც მაღალი პასუხისმგებლობით უძღვებოდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას
მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე.
სკოლაში იმართებოდა კონკურსები: „კლასის
საუკეთესო ხელმძღვანელი“, „საგნის საუკეთესო სპეციალისტი“ და ყოველთვის პირველ ადგილს
ვიკავებდით მე და ჩემი აღსაზრდელები. წლების მანძილზე მე-8 სკოლაში ფუნქციონირებდა
ინტერნაციონალური კლუბი ჩემი ხელმძღვანელობით, რომელიც მოსწავლეებს აკავშირებდა
სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან და უნერგავდა მათ მეგობრობის
და ურთიერთპატივისცემის გრძნობას. მიღებული გზავნილებით მოსწავლეები აკეთებდნენ ალბომებს,
მონაწილეობას იღებდნენ სასკოლო და საქალაქო ღონისძიებებში, რესპუბლიკურ დათვალიერებებში
ქ. თბილისის პიონერთა სასახლეში და სხვა.
36 წლის მანძილზე კეთილსინდისიერად
ვემსახურებოდი ჩემს საქმეს, ერთ და იმავე მე-8 სკოლაში, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია
ხელმძღვანელობას, რაც სათანადოდ იქნა დაფასებული. სახალხო განათლების დარგში თავდადებული
და ნაყოფიერი მუშაობისათვის საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტროს 1988 წლის 28/X -ის №251 ბრძანებით დავჯილდოვდი „სახალხო განათლების წარჩინებულის“ სამკერდე
ნიშნით. მიღებული მაქვს მრავალი სხვა საპატიო ჯილდოც.
გულთბილად ვიგონებ ჩვენი სკოლის სხვა
ხელმძღვანელებს: რომან ცინცაძეს, ალიოშა სანდუხაძეს, ავთანდილ ქურასბედიანს; სასწავლო ნაწილის გამგეს ნარგიზა ჩოგოვაძეს, რომელმაც
კარგი მუშაობისათვის „პედაგოგთა პედაგოგი“ მიწოდა.
მიხარია, რომ სკოლა ახლაც საიმედო ხელშია, ბატონი რეზო
დარწმუნებული ვარ წარმატებით გაართმევს თავს მინდობილ საქმეს, რათა სათანადო დონეზე
იდგეს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი.
ინეზა ივანეიშვილი -
პიონერხელმძღვანელი
1964-66წლებში პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა მე-8 საშუალო სკოლაში უფროს პიონერხელმძღვანელად.
ამჟამად აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელია.
ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ევდოშვილის ქ. მე-6 შეს. №14.
მე-8 სკოლა საოცრად მიყვარს თავისი ადგილმდებარეობით, შენობითა და მეგობრული პედაგოგიური შემადგენლობით. პატივს ვცემ დირექტორს ბატონ რეზო სირბილაძეს, რომელიც ჩემი პიონერი და წარჩინებული მოსწავლე იყო.
მე-8 სკოლაში ვმუშაობდი ბატონი ივანე
ვაშაკიძის დირექტორობის დროს; საინტერესო და მეტად საქმიანი ურთიერთობა მქონდა პედაგოგებთან, როგორებიც იყვნენ: ეთერ ბურჯანაძე, ელეონორა ვაშაკიძე,
მერი ვაშაკიძე, არჩილ ბარდაველიძე,
თამარ ჩაგელიშვილი, მარო ბარქაია, იაშა კაჭკაჭიშვილი, ნათელა ხობუა, ლილი იობიძე, სიმონ ქარქაშაძე, ნინა ბაბადოღლი, თამარ ძოძუაშვილი
და ბევრი სხვა...
მე-8 სკოლაში გატარებულმა წლებმა ჩემი
პიროვნების, (როგორც პედაგოგი) ჩამოყალიბებაში დიდი
როლი ითამაშა, რადგან ურთიერთობა მქონდა პრაქტიკოს და ერუდირებულ პედაგოგებთან, რომელთა
გამოცდილება გავითავისე და ჩემს შემდეგ მუშაობაში გამოვიყენე.
მე-8 სკოლა, ჩემი მუშაობის პერიოდში გაფართოვდა
– დააშენდა მესამე სართული, რამაც ყველას დიდი სიხარული მოუტანა, ამასთან დაკავშირებით ჩავატარეთ
მეტად ლამაზი და საინტერესო ღონისძიება, რომლის ერთ-ერთი
მოთავე მეც გახლდით.
სკოლაში ყოველწლიურად ქალბატონ ეთერ ბურჯანაძის თაოსნობით ეწყობოდა მათემატიკური საღამოები ქალაქის მასშტაბით, რაც სკოლისათვის სასარგებლო და სასახელო იყო. ასევე ჩემი ინიციატივით სკოლაში
მოვიწვიეთ ავტოქარხნის რაციონალიზატორი იოსებ ხაზარაძე, რომლის
მეგობრობა სკოლის მოსწავლეებთან რამდენიმე წელი გაგრძელდა.
ხშირად ეწყობოდა ექსკურსიებიც. სიხარულით
და წარმატებით სავსე ბევრი დღე მაკავშირებს მე-8 სკოლასთან.
და ბოლოს, უაღრესად პატივს ვცემ მე-8 სკოლის ახლანდელ პედაგოგიურ შემადგენლობას. ვუსურვებ ყველას ჯანმრთელობას და წარმატებულ მოღვაწეობას.
1966
წლის მაისი. გელათი.
I რიგში (მარცხნიდან მარჯვნივ), ზის: თამაზ მეძველია, გივი ჭლიკაძე,
იაშა კაჭკაჭიშვილი.
II რიგში: გულნარა ჯანელიძე,
ლარისა დავითიაშვილი, ნარგიზა რიჟინაშვილი, ინეზა ივანეიშვილი, ნათელა კუხიანიძე, ეთერ
ბურჯანაძე.
III რიგში: 4. ვენერა ღვინეფაძე, ზურაბ მოდებაძე, მერი ვაშაკიძე,
8. არჩილ ბარდაველიძე.
ნუნუ ხაზარაძე
-
პიონერხელმძღვანელი
1981-1985 წლებში მუშაობდა მე-8 საშუალო სკოლაში
უფროს პიონერხელმძღვანელად.
ამჟამად წმინდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.
ცხოვრობს
ქ. ქუთაისში, 26 მაისის ქ. №26.
მე-8 სკოლაში ჩემი მუშაობის პერიოდში რაზმეულს მივანიჭეთ იტალიის ეროვნული გმირის ფორე მოსულიშვილს სახელი, რის გამოც
ვიმოგზაურეთ კახეთში, გმირის სოფელში – სიღნაღის რაიონის სოფელ მაჩხაანში და პატივი მივაგეთ მის
ნათელ ხსოვნას.
სკოლის სამოქმედო უბანში მცხოვრებ სამამულო ომის მონაწილეებს ხშირად ვუწყობდით შეხვედრებს, ხოლო პიონერები
საოჯახო საქმეებშიც ეხმარებოდნენ. ესენი იყვნენ: ნემსაძე ბიძინა,
ფურცხვანიძე ანდრო, ჯავახაძე გრიგოლი, გვენეტაძე
გიორგი, ბურჯანაძე კონსტანტინე, კვიმსაძე კონსტანტინე, მეგრელიშვილი ბესო, ფხაკაძე
თამარი, აფხაიძე შალვა, ქათამაძე ბიქტორი, კურცხალია გივი, შალამბერიძე კონსტანტინე,
ჭიჭინაძე მიხეილი, ცნობილაძე დავითი, გიორგაძე გრიგოლი, ძოწენიძე ვარლამი, ლევიძე შალვა,
გვეტაძე ვლადიმერი, დადუნაშვილი ლევანი, ფილიპოვი მიხეილი, არუთინაშვილი ვასილი, ნემსაძე
ფრიდონი, მომცემლიძე ალექსანდრე, გუბელაძე იაკობი, გაბუნია აკაკი, სირბილაძე ვარლამი,
აბდალაძე გიორგი, ფორჩხიძე ალექსანდრე, ტურაბელიძე ვასილი, ფურცხვანიძე ანდრო, კობისნიძე
ალექსანდრე, ჯავახაძე გრიგოლი, გვენეტაძე გიორგი, ახვლედიანი ნიკიფორე, ლაბაძე ივანე,
დვალი ვალერიანი, მიქაძე რომანი.
ჩემი მუშაობის პერიოდში აქტიური პიონერები იყვნენ: ჟვანია
ქეთინო, ჩუბინიძე მანანა, თავაძე მაკა, ნებიერიძე ფერიდე, დოლიძე ქეთევანი, შალიკიანი
ლუიზა, ბრეგაძე კახა, გვენეტაძე ირინა, ხელაძე ირმა, ცირეკიძე ლელა, კაჭკაჭიშვილი ნინო,
კვანტალიანი გიორგი, დარსაძე ლია.
1981 წლის 12 მაისს გელათის ქუჩაზე გაიხსნა ბიბლიოთეკა.
მე-8 სკოლის პიონერებმა და ოქტომბრელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკის საზეიმო
გახსნაში.
ყოველწლიურად ტარდებოდა სამხედრო სპორტული თამაში „ცისკარი“,
ხშირად საპრიზო ადგილს ვიკავებდით.
ჩვენი სკოლის პიონერთა ძალებით სისტემატიურად ვაწყობდით
შაბათობას მწვანეყვავილას პანთეონში.
1983-84 წლებში სკოლას მიენიჭა აკადემიკოს გიორგი ძოწენიძის
სახელი.
ციცინო ნანიკაშვილი -
მათემატიკის
მასწავლებელი
1975-1980 წლებში მუშაობდა ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად.
„როცა სკოლის შესახებ ვსაუბრობ, დიდი სიყვარულით
მინდა გავიხსენო ის პერიოდი, როცა აქ დირექტორად ბატონი რომან ცინცაძე
მუშაობდა.“
თუ რაიმე ვიცი სასკოლო მუშაობის შესახებ, დიდი
ნაწილი მე-8 სკოლისა და ბატონი რომანის დამსახურებაა, აქედან დაიწყო ჩემი აღმასვლა, კლასიკური
გიმნაზიის დირექტორის მოადგილეობამდე.
მანამდე კი 1971-1973 წლებში სამტრედიის რაიონის სოფელ დიდი ჯიხაიშის საშუალო სკოლის მასწავლებელი ვიყავი.
1975-1980 წლებში ვმუშაობდი ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებლად.
1980-1988 წლებში - ქუთაისის №1 საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში.
1988-2006 წლებში - ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში დირექტორის
მოადგილედ.
2006 წლიდან დღემდე - №1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლად.
ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
მრავალი სიგელით, ორდენითა და სამკერდე ნიშნებით დამაჯილდოვეს.
1987 წელს ვიყავი მასწავლებელთა IV ყრილობის დელეგატი. ჯილდოდ მივიღე სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე
ნიშანი, მქონდა წოდება უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლისა და სხვა.
ყველაფერთან ერთად, ის შესანიშნავი მეუღლე, საუკეთესო დედა, ერთგული კოლეგა და
მეგობარია, ასევე მაღალი კლასის შეუდარებელი სპეციალისტი, საოცნებო აღმზრდელი და მასწავლებელი.
ამ აღიარებამდე კი საკმაოდ ძნელი და
რთული გზა განვლო, როგორც შემოქმედებითი, ასევე ოჯახური. ის ხომ გარდაცვლილი
შვილის დედაა, მის ყოველ სიტყვას ცრემლი ახლავს და ამ ცრემლიან-ტკივილიანი დედის მოგონების
ჩაწერა და შეფასება მსმენელისთვისაც ძალიან ძნელია. მიუხედავად ამისა, ის ბევრი ბავშვის დედად ქცეულა, დედაშვილური გრძნობა სხვებისათვის გაუნაწილებია, არ გაბოროტებულა, არამედ სიყვარულად და სათნოებად
დაღვრილა.
ნუნუ ძოწენიძე -
ფიზიკის მასწავლებელი
1975-1997
წლებში მუშაობდა მე-8 საშუალო სკოლაში.
დაიბადა: 1950 წლის 20 თებერვალს 1973 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის
აკაკი წერეთლის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკა-მათემატიკის
ფაკულტეტი ფიზიკის სპეციალობით.
1975-97- წლებში-მუშაობდა ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლაში ფიზიკი მასწავლებლად.
ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ნუცუბიძის ქ. №2/34.
შრომითი
საქმიანობა:
1974-1975წწ. - ქ. ქუთაისის 30-ე
საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.
1975-1993წწ. - ქ. ქუთაისის მე-8
საშუალო სკოლის
ფიზიკის მასწავლებელი.
1993-1997წწ.- მე-8 საშუალო სკოლის
დირექტორის მოადგილედ.სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის დარგში.
1997-1999წწ. - ქ. ქუთაისის აკაკი
წერეთლის სახელობის კლასიკური გიმნაზიის ფიზიკის მასწავლებლი.
2008-დან დღემდე - ქ. ქუთაისის №1 საჯარო სკოლის დირექტერის მოადგილე.
კვალიფიკაციის
ამაღლების კურსები:
2006 წ. - ტრენინგ-კურსი, „როგორ მოვამზადო და
დავწერო პროექტი.“
2008წ.- „სწავლების ინოვაციური მეთოდების და ტექნოლოგიების გამოყენება.“
2008 წ. - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
ჩატარებული ტრენინგები.
ნუნუ ძოწენიძე (ფიზიკის მასწავლებელი) და
მე-7 კლასის მოსწავლე ნინო ღურჭუმელიძე
კლასის ხელმძღვანელი ნუნუ ძოწენიძე
ვალერი კიკალიშვილი -
რუსული
ენისა და ლიტ. მასწავლებელი
დაიბადა 1978 წლის 19 ივლისს.
ამჟამად სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის რუსული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.
სკოლა განათლების სისტემის უმნიშვნელოვანესი ერთეულია, რომელსაც საზოგადოებისთვის წიგნიერი ადამიანების აღზრდის გამორჩეული მისია აკისრია. რამდენიმე
ათეული წელია მე-8 სკოლა პირნათლად ემსახურება ამ უკეთილშობილეს საქმეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამჟამინდელი
№8 საჯარო სკოლა თავისი სახელოვანი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელია. აქ დამკვიდრებულია სიტყვის და საქმის მჭიდრო ურთიერთკავშირზე ჩამოყალიბებული გარემო, სადაც ხორციელდება პედაგოგების და მოსწავლეების ჰარმონიულ და საქმიან ურთიერთობებზე დამყარებული თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროცესი.
სკოლას აქვს საკუთარი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგიული
გეგმა, განსაზღვრულია განვითარების უმთავრესი პრიორიტეტები, რომელთაგან ძირითადია ხარისხიანი
სწავლების უზრუნველყოფა.
განათლების სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავებულია
და მოქმედებაში მოყვანილია შიდა სასკოლო ცხოვრების კონტროლის და შეფასების ხანგრძლივმოქმედი,
გამჭირვალე და მოქნილი სისტემა. თითოეული თანამშრომლისთვის შემუშავებულია სასწავლო
წლის განმავლობაში აუცილებელი შესასრულებელი სამუშაოს ნორმები.
დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე სისტემატიურ მონიტორინგს
ექვემდებარება სკოლის ყველა სტრუქტურული რგოლი. საგნობრივი ჯგუფების
(კათედრები), ცალკეული პედაგოგების და კლასის დამრიგებლების საქმიანობა. სასკოლო შეფასების
სისტემა მაქსიმალურად უზრუნველყოფს პედაგოგების შემოქმედებითი პოტენციალის გამომჟღავნებას
და მჭიდრო კავშირშია ჩვენს უმთავრეს სამოქმედო პოსტულატთან - სარეფორმო მოთხოვნების
შესაბამისი სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გატარებასთან.
თანამშრომლების მუშაობის აღრიცხვას და მათ საბოლოო შეფასებას
აწარმოებს სკოლაში შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი. მონიტორინგის ფარგლებში სისტემატიურად
ხორციელდება გაკვეთილებზე დასწრება, კეთდება მათი ანალიზი და თითოეულ პედაგოგს ეძლევა
შესაბამისი რეკომენდაციები. პირველ ეტაპზე მასწავლებლები აკეთებენ საკუთარი საქმიანობის
და მიღწეული შედეგების თვითშეფასებას. თავიანთი პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე ისახავენ
სწავლების ხარისხის გაუმჯობესების, მისი სრულყოფის რაციონალურ ხერხებს. მეორე ეტაპზე პედაგოგებს აფასებს მონიტორინგის ჯგუფის წევრი (ხარისხის მართვის მენეჯერი), რომელიც ადგენს ჩატარებული გაკვეთილის ხარისხს სკოლაში შემუშავებულ კრიტერიუმებთან მიმართებაში. ასევე ორეტაპიანია
კათედრის ხელმძღვანელების და კლასის დამრიგებელთა საქმიანობის
შეფასება. სასწავლო წლის ბოლოს შესრულებული სამუშაოს ხარისხიდან გამომდინარე დგინდება
თითოეული თანამშრომლის რეიტინგი.
2010 წ. ხარისხის მართვის მენეჯერი ვალერი
კიკალიშვილი და ისტორიის
მასწავლებელი აზა ბარბაქაძე სასერტიფიკაციო გამოცდების წინ.
მაღალკვალიფიციური სწავლების შედეგია, რომ მოსწავლეთა დიდი
ნაწილი წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა სახის კონკურსებში, მათ არაერთი წარმატება
მოუპოვებიათ სასწავლო-შემოქმედებითი ხასიათის საქალაქო თუ რესპუბლიკურ კონფერენციებში
და ტურებში. N8 საჯარო სკოლა არის ქუთაისის იმ მცირერიცხოვან
სკოლებს შორის, რომლებსაც ჰყავთ რესპუბლიკური მასშტაბის ღონისძიებებზე - ეროვნულ სასწავლო
ოლიმპიადაზე გამარჯვებული მოსწავლეები. სკოლის პოპულარიზაციისთვის ხშირად ტარდება შემოქმედებითი ხასიათის ღონისძიებები.
ჩვენი მუშაობის პრინციპია გამჭირვალე პროცესი, სწავლების
მაღალი ხარისხი, დიდი ენთუზიაზმი და პროფესიონალიზმი. №8 საჯარო სკოლამ თამამად შეაბიჯა
21-ე საუკუნეში. სკოლა ტრადიციულად ბევრ ღირსეულ, წიგნიერ ადამიანს აღუზრდის სამშობლოს.
2009-2010 წლებში №8 საჯარო სკოლაში ხარისხის მართვის მენეჯერად გატარებულ ერთ წელიწადს, ვთვლი ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ეტაპად. ამ მცირე პერიოდმა დიდი გამოცდილება
და სულიერი სიმტკიცე მომცა. ღრმად ჩავწვდი პროფესიული დონის ამაღლების საიდუმლოებას,
განვიმტკიცე რწმენა, ახლებური მოთხოვნების შესაბამისად მივუდექი საკითხების
შესწავლას და რაც მთავარია, შევიძინე ბევრი მეგობარი.
№8 საჯარო სკოლაში დამხვდა შესანიშნავი პედაგოგიური კოლექტივი. საყვარულით ვიხსენებ თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც მოსვლის დღიდანვე მიმიღეს თავიანთი დიდი ოჯახის
წევრად. მათგან ყოველთვის მხოლოდ მხარდაჭერას, სითბოს და ყურადღებას ვგრძნობდი.
ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა სკოლის დირექტორის ბატონ რეზო სირბილაძის პიროვნებამ. იგი გახლავთ ნამდვილი ადამიანი, ღრმად განათლებული,
თავისი საქმის უბადლო მცოდნე ჭეშმარიტი ხელმძღვანელი. მასთან მუშაობა შემოქმედებითი და პროფესიული თვალსაზრისით
მეტად სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა. არასოდეს
დამავიწყდება, რომ სწორედ ბატონმა რეზომ ჯერ კიდევ
ჩემი მე-8 სკოლაში მისვლამდე გამომიწოდა დახმარების ხელი, დამიყენა გვერდით და ამით
გახდა ყველა ჩემი წარმატების სულისჩამდგმელი. თამამად ვიტყვი - ჩემი არა მარტო,
როგორც სასწავლო დაწესებულების თანამშრომლის დაოსტატება,
არამედ მთავარი - ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბება ბატონი რეზოს დამსახურებაა.
დიდი კმაყოფილებით და სიყვარულით ვიგონებ მე-8 სკოლაში გატარებულ პერიოდს და ხმამაღლა ვამბობ: გმადლობთ!
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ,,სსიპ №8 საჯარო სკოლა (1938-2011)”, ავტორები: მზია ზარნაძე, ლია გაბუნია, გვ.40-60.
2.ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი. ფონდი ქ.ი.მ. N10133/სფ.287 ფ.75-80.
Комментариев нет:
Отправить комментарий