საქართველოში, ქუთაისის ბებერ მიწაზე, უმშვენიერეს ქალაქში, გელათისაკენ მიმავალ
გზაზე, მწვანეყვავილას პანთეონის ახლოს, ,,მეორე მთაწმინდაზე“, იქ, სადაც ცნობილ თანაქალაქელთა
და საზოგადო მოღვაწეთა ძვალთშესალაგია, იქ,
სადაც ქალაქურ ცხოვრებას სოფლის იდილიაც უმშვენებს მხარს, იქ, სადაც ეკლესიის ზარების გუგუნი და ალაყაფის ჭრიალი
ისმის, ალალი და პატიოსანი ხალხის შვილების აღსაზრდელ კერას, №8 საჯარო სკოლას დაუდევს
ბინა და ხშირად ეხმაურება საზოგადოებას და მთელ უბანს სკოლისათვის დამახასიათებელი ჟივილ-ხივილითა და მხიარული
შეძახილებით, სწავლის დაწყებისათვის აუცილებელი ზარის რეკვითა და ბედნიერი განწყობით,
საოცრად ამაყი თავისი საჭირო დანიშნულებისა
გამო.
№8 საჯარო სკოლა, რომელიც ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ზამთარ-ზაფხულ სიმწვანეშია ჩაფლული და თითქოს ამით კიდევ უფრო უსვამს
ხაზს თავის სიდიადეს. მას განსაკუთრებულობას მატებს მაღლობზე
მდგარი, მდინარე რიონის ხედით დამშვენებული ეკლესიის გუმბათი, საიდანაც ცისმარე დღე
ისმის ზარების მუსიკალური ხმა, რომელიც მშვენიერი სიმფონიით ატკბობს და ლოცავს ქუთაისსა
და სრულიად საქართველოს. სულიერების ეს ორი ტაძარი დედაბოძივით დადგომია ერთმანეთს
გვერდით, რომლებსაც რიონის გაღმა ფერდობებიდან ბაგრატის ტაძარი გადმოჰყურებს ყელმოღერებით
და გაშლილია საოცარი სამყარო, რომლის თვალწარმტაც ციცაბოებზე მარგალიტის მძივებივით
შეფენილა მოსახლეობა... ამ ფერდობებს, ამ ბუჩქებს,
ამ ხეივანს, ამ სილამაზეს მწვანეყვავილა ჰქვია. მწვანეყვავილასთან ყოველთვის ასოცირდებოდა და დღესაც
ასოცირდება №8 საჯარო სკოლა - ცოდნის ტაძარი
მწვანეყვავილელებისა.
ამ უბნის მთავარი კულტურული ცენტრი ადრიდანვე ყოფილა ეკლესია, ახლანდელი საზოგადო
მოღვაწეთა პანთეონი და პირველი დაწყებითი სკოლა, წინამორბედი მე-8 საშუალო სკოლისა.
საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ქუთაისის
ამ უმშვენიერეს ადგილზე დღევანდელი სკოლა აღმოცენდა.
მისი არსებობა შეიძლება ეტაპებადაც კი დაიყოს. მას ჰქონია, როგორც
აღზევების, ისე დაცემის პერიოდები, მაგრამ ის დღეს მაინც ამაყად დგას თავისი შინაარსით, გონიერი, კვალიფიციური პედაგოგიური
კოლექტივით, სანიმუშო ხელმძღვანელებით, სწავლების მაღალი ხარისხით
და თანამედროვე რეფორმის მიმდინარე პროცესებით.
თუ დღევანდელი გადასახედიდან თვალს გადავავლებთ მე-8 სკოლის წარსულს 1938 წლიდან
2016 წლამდე, დავრწუნდებით, რომ მას, სასახელო მამულიშვილების აღზრდის საქმეში დიდი
ხარკი აქვს გადახდილი...
აღსანიშნავია, რომ სკოლის ყოფილ კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვან ნაწილს ყოველთვის აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია ეჭირა
სხვადასხვა სფეროში. სკოლას ჰყავს აღზრდილი
სახელოვანი, გამოჩენილი ადამიანები - აკადემიკოსები, პროფესორები, ინჟინრები, ექიმები,
პედაგოგები, პოეტები, მხატვრები, უბადლო სპორტსმენები... კარგი მშობლები და სამშობლოსათვის
თავდადებული ადამიანები.
მე-8 სკოლას (რომელიც საწყის ეტაპზე 28-ე სკოლად იწოდებოდა) საბჭოთა ხელისუფლების
დროს 1937-1938 წლებში ჩაეყარა საფუძველი. იგი ამ პერიოდში აშენდა, დასრულდა და შეუდგა მუშაობას.
მე-8 სკოლის წინამორბედი დაწყებითი სკოლის შენობა კიბულის ქუჩის №12-ში მდებარეობდა,
რომელიც ვერ აკმაყოფილებდა უბნისათვის საჭირო
მოთხოვნებს, ამიტომ იგი ცოტა მოგვიანებით, რეორგანიზაციის შედეგად №14 ბაგა-ბაღის სახელწოდებით მოგვევლინა.
ახალმა მე-8 საშუალო სკოლამ „სული მოათქმევინა“ უბნის მცხოვრებლებს. მშობლებს აღარ უჭირდათ მცირეწლოვანი ბავშვების სკოლაში გაშვება, მათზე მეთვალყურეობა და კონტროლი. პრობლემები ერთბაშად გადაჭრა ახალი
სკოლის აშენებამ. გარდა ამისა სკოლამ მწვანეყვავილას კულტურული ცენტრის მოვალეობაც იკისრა.
აღსანიშნავია, რომ ეს მშვენიერი ,,ანსამბლი,"- პანთეონი, ეკლესია და სკოლა
ერთმანეთთან კავშირში ქმნიან მტკიცე საყრდენს ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში, ამიტომ მორალური, სულიერი, გონებრივი და ფიზიკური
ჩამოყალიბების პროცესი აქ, ამ უბანში, ყოველთვის
შეხმატკბილებულად მიმდინარეობდა.
სკოლის შენობა განკუთვნილია 7-ბალიანი სეისმური მდგრადობისათვის. სკოლის ტერიტორიის
ფართობი 0,2 ჰექტარია. ნაკვეთი მშრალია და
ამაღლებული, დაცულია წყალდიდობისაგან ყამირი წყლების ღრმა მდებარეობით.
დასაწყისისათვის სკოლის ნაკვეთზე მოწყობილი
იყო სპორტული თამაშობებისა და გეოგრაფიის სწავლებისათვის
საჭირო მოედნები. სკოლის ეზო გაუმწვანებიათ წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეებით. იმ
დროისათვის სკოლის შენობა აგებული იყო წითელი ხაზიდან 25 მეტრის მოცილებით, მთავარი ფასადის სამხრეთ-აღმოსავლეთის
ორიენტაციით.
საბჭოთა ხელისუფლების წლებში მწვანეყვავილა
სერიოზულ ცვლილებებს განიცდიდა. ცვლილებები პირველყოვლისა შეეხო გზებს, რომელთაც ადრე
ლამპიონებით განათებულთ ორღობის სახე უფრო
ჰქონდათ, ვიდრე გზისა. ისინი თანდათანობით გაფართოვდა,
მოეგო ქვაფენილი, დამშვენდა და თანამედროვე
სახე მიიღო, შესაბამისად მოწესრიგდა სკოლასთან მისასვლელი გზები.
ცხადია, მწვანეყვავილაში მიმდინარე ცვლილებები გავლენას ახდენდა სკოლის ცხოვრებაზე, მოსწავლე-ახალგაზრდობაზე და სკოლაში მომსახურე პერსონალზე, ამიტომ ბუნებრივია,
გვერდს ვერ ვუვლით საარქივო მასალებს, რომლებიც მკაფიოდ ასახავენ მის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სიახლეებსა და მიმდინარე პროცესებს.
1941-63 წლებში გელათის ქუჩის ახალი ტერასის ბოლოში აიგო სატელევიზიო გადაცემათა რეტრანსილაციის სადგური
ანძით, რომელიც მოქმედებს 1964 წლიდან დღემდე,ხოლო 1954 წელს მწვანეყვავილას კონცხი-პლატო,
რომელსაც ახლა ხალხი „გალავანს“ ეძახის, გამოცხადდა ქუთაისის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად,
სადაც დასაფლავებულია ჩვენი ქალაქის ღვაწლმოსილი ადამიანები.
1967 წელს საქართველოში აღინიშნა შოთა
რუსთაველის დაბადების 800 წლისთავი. გენიალური
პოეტის იუბილე განსაკუთრებით შეხებია ქუთაისსა და გელათს. მთელი მწვანეყვავილა და გელათის
ქუჩის მცხოვრებლები დიდი აღფრთოვანებით შეხვედრილან ჩამოსულ
სტუმრებს. სკოლის შენობიდან მოწამეთამდე
გზის აქეთა და იქითა გვერდულზე მოსწავლეები
თეთრ პერანგებსა და მუქ ქვედა სამოსში გამოწყობილები ყოფილან ჩამწკრივებული. მათ ხელში
ათასგვარი ყვავილები სჭერიათ, რომელსაც დროდადრო ესროდნენ თურმე გელათისაკენ ავტომანქანებით მიმავალ სტუმრებს.
უცხოელ სტუმრებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვებია „შოთას წყაროს“, გელათის ქუჩაზე რამდენიმე ადგილას
გაშლილ ქართულ პურ-მარილს, სახელდახელოდ მოწყობილ ფაცხას, სტუმართმოყვარეობას და ქართულ ტრადიციებს.
აღსანიშნავია, რომ უბანში ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულება სკოლაა. აქ არის რამდენიმე სასურსათო კომერციული მაღაზია და აფთიაქი, ამიტომ
მწვანეყვავილელები განსაკუთრებით
არიან შეყვარებული მშობლიურ სკოლაზე. მოსახლეობა
სკოლის მიმართ ყოველთვის დიდ პატივისცემას იჩენდა
და იჩენს.
ყურადღებას იქცევს განათლების ფონდში დავანებული მასალები, რომლის ერთ გვერდზე პუნქტუალურადაა დაკონკრეტებული სკოლის განლაგებისა და მისი მშენებლობის შესახებ წვრილმანი ნიუანსები:
„სკოლის ორსართულიან შენობაში, რომელიც აგურითაა ნაგები, საკლასო ოთახები და
სასწავლო კაბინეტები შემდეგნაირად იყო განლაგებული:
I სართულზე მოთავსებული იყო 10 საკლასო ოთახი:
ხაზვის კაბინეტი -1
გერმანული ენის კაბინეტი -1
სასწავლო სახელოსნო -2
მეოჯახეობის კაბინეტი -1
სამასწავლებლო -1
პიონერთა ოთახი -1
II სართულზე მოთავსებული იყო 9 საკლასო ოთახი:
ბიბლიოთეკა - 1
ფიზკულტურის კაბინეტი - 1
დირექტორის კაბინეტი - 1
ექთნის კაბინეტი - 1
სააქტო დარბაზი - 1
სკოლის შენობა კეთილმოწყობილი იყო წყალგაყვანილობით,
კანალიზაციით, ცენტრალური გათბობით, ელექტროგაყვანილობით და რადიო ქსელით.
შენობის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ასეთი იყო:
დაშენების ფართი - 1068,6მ2
საერთო სამშენებლო მოცულობა - 12823,2 მ2
მოცულობა ერთ მოსწავლეზე - 19,3 მ2
სასწავლო ფართი ერთ მოსწავლეზე-4,62 მ2
სარდაფისა და საძირკვლის
მასალად გამოყენებული იყო ფლეთილი ქვის წყობა შელესილი ცემენტის ხსნარით. საძირკვლის სიმაღლე 80 სმ-ით.
სკოლის შიგა კედლები შელესილი და შეღებილი იყო კირ-ცემენტის რთული ხსნარით და თეთრი საღებავით.
ხოლო დერეფნებში კედლები - ზეთოვანი საღებავით.
სანიტარულ კვანძებში (იატაკიდან 1,5 მეტრის სიმაღლეზე) კედლებზე მოჭიქული ფილები ყოფილა აკრული,
ხოლო კარ -ფანჯრები შეუღებავთ თეთრი ზეთოვანი
საღებავით.
სასკოლო შენობის ფასადები, გადაწყვეტილი სადა და ლაკონურ ფორმებში, სასიამოვნო
სანახაობას ქმნიდა. შენობის მთავარი ფასადი,
რომელიც გამოწეული არის ძირითადი ფასადის სიბრტყიდან,
არქიტექტურულად ამშვენებდა სკოლის შენობას.
სკოლას ჰქონდა დამოუკიდებელი გათბობის სისტემა. თბოგადატვირთვის დაფარვის მიზნით
სასკოლო შენობისათვის დაგეგმარებული საქვაბე კარგად მუშაობდა, რომელიც მოთავსებული
იყო შენობის სარდაფში.“
ჩვენს მიერ დადგინდა, რომ 1938 წელს სკოლაში შიდა სამუშაოებს აწარმოებდა განათლების განყოფილების მთავარი ინჟინერი ვალოდია ბაქრაძე
და ინჟინერი რუბენ გალდუნოვი. როგორც გაირკვა,
მაშინდელი სკოლის ორივე სართული, 19 ოთახით, მეტად ლამაზი და კეთილმოწყობილი
ყოფილა. ფასადი ოქროსფრად, დერეფნები ცისფრად,
ხოლო იატაკი მუქ ყავისფრად შეუღებავთ, რომელსაც ულამაზესი გზაკვალები
ფარავდა თურმე.
შემოსასვლელში - ფოიეში ხაზვისა და გერმანული ენის კაბინეტები, კაბინეტების
წინ უზარმაზარი ქოთნებით პალმები მდგარა, ხოლო კაბინეტების ზემოთ, მეორე სართულზე, სააქტო დარბაზი ყოფილა ღია აივნით.
სამასწავლებლოში კეთილმოწყობილი, სამუშაო
გრძელი მაგიდები განუთავსებიათ.
მასწავლებლებისათვის საბილიარდო და ჭადრაკის სათამაშო კუთხეები მოუწყვიათ. ერთ
მხარეს, ვენური სკამები და რადიორეპროდუქტორი ამშვენებდა თურმე, ხოლო მეორეს - მაგიდები. ასეთი სანახაობითი დატვირთვით
შეხვედრია სკოლა პირველ სასწავლო წელს.
1938 წლის 1 ნოემბერს მე-8 საშუალო სკოლის პირველ დირექტორად დანიშნულა ბენიამინ გვეტაძე, პირველ სასწავლო ნაწილის გამგედ - აკაკი
რიჟამაძე, პირველ დირექტორის მოადგილედ სამნეო დარგში- მიხეილ ახვლედიანი, პირველ პარტორგანიზაციის მდივნად - დავით ბრეგაძე, ადგილკომის
თავმჯდომარედ -აპოლონ გვეტაძე. 1939 წლის 3 სექტემბერს სკოლაში ჯერ კიდევ არ ყოფილა
შტატით პიონერხელმძღვანელი, უფროსი პიონერხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა მე-9 კლასის მოსწავლე
ალექსანდრე ჭიჭინაძე.
1938 წლის 1 ნოემბერს დარეკილა სსიპ ქუთაისის №8 საჯარო სკოლის შენობაში პირველი
ზარი და 9:00 საათზე დაწყებულა პირველი გაკვეთილი.
1940 წელს სკოლას პირველი ნაკადი – 39 ახალგაზრდა გამოუშვია. კურსდამთავრებულთა ძირითად ნაწილს სწავლა
უმაღლეს სასწავლებლებში გაუგრძელებია.
1939 წლის შემოდგომაზე შემოუღობავთ სკოლის
ეზო. შეუდგენიათ ეზოს გამწვანების გეგმა. გაშლილა შეჯიბრებები კლასებს
შორის. გაზრდილა სკოლის კონტინგენტი.
1941 წლის 22 ივნისს, როცა სკოლას შეუჯამებია სასწავლო წლის შედეგები, მიუღიათ რადიოცნობა, რომ საბჭოთა კავშირს
თავს დაესხა ფაშისტური გერმანია. ის დღე საოცრად
ცრემლიანი და ტკივილიანი ყოფილა. 24 ივნისს სკოლის ხელმძღვანელობისთვის მიუციათ წინადადება შენობა ჰოსპიტლისათვის დაეთმოთ
და თავისი მოღვაწეობა №5 საბავშვო ბაღის შენობაში (ახლანდელი მე-5 სკოლა) გაეგრძელებინათ. 26 ივნისს სკოლა უკვე დაჭრილებით ყოფილა სავსე.
ომმა თავისი კვალი დააჩინა სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს. მაგალითად, 1941 წლის
28 ნოემბერს პედსაბჭოს სხდომას მხოლოდ 3 მამაკაცი
- აკაკი მახარაძე, შალვა ზაქრაძე და აპოლონ გვეტაძე ესწრებოდა,
დანარჩენი ყველა, ომში იყო გაწვეული. სკოლა ორ ფრონტზე იბრძოდა, ერთის მხრივ განათლებას
აწვდიდა მოსწავლეებს, ხოლო მეორეს მხრივ - ქვეყნისათვის აუცილებელ სამუშაოებს ახორციელებდა,
ფრონტისათვის თბილ ტანსაცმელსა და საჩუქრებს აგროვებდა, აწარმოებდა ევაკუირებულ მოქალაქეთა აღრიცხვას.
1942 წლიდან უკვე არც ერთი მამაკაცი მასწავლებელი აღარ იყო სკოლაში, რასაც მოწმობს ქუთაისის სახელმწიფო არქივში დაცული პედსაბჭოს ოქმები.
ომმა ბევრი პედაგოგი შეიწირა. მათი გმირობის შესახებ მოგვითხრობენ ფრონტიდან გამოგზავნილი წერილები, გაზეთ „ქუთაისის“
ფურცლებზე ქება-დიდებით იხსენებდნენ სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირებს.
1943-44 სასწავლო წლიდან სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ბრუნდება კუთვნილ შენობაში
და ძველებური შემართებით აგრძელებს სასწავლო-შემოქმედებით საქმიანობას. ყველა ის სიმძიმე,
რაც ერთი შენობიდან მეორე შენობაში გადასვლასთანაა დაკავშირებული, პედაგოგიური კოლექტივის ძირითადმა ძალამ, სკოლის დირექტორმა მიხეილ ბინიაშვილმა, სასწავლო ნაწილის გამგემ ლევან კაკაბაძემ, სკოლის
პედაგოგებმა გრიგოლ ერემეიშვილმა და აკაკი მინაძემ აიღეს საკუთარ თავზე.
1965 წელს დირექტორის ივანე ვაშაკიძის,
საქარველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის
შოთა კიკნაძისა და უბნის აქტივისტის ივანე მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით სკოლას დააშენეს მესამე სართული,
რითაც მას სრული შესაძლებლობა მიეცა ემუშავა ერთ ცვლაში და სასწავლო-აღმზრდელობითი საქმიანობა
კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აეყვანა.
ამჯერად, მე-3 სართულზე სკოლის არქიტექტონიკა შემდეგნაირად ნაწილდებოდა:
საკლასო ოთახი - 5
ბიოლოგიის კაბინეტი- 1
ქიმიის კაბინეტი - 1
ფიზიკის კაბინეტი - 1
სამხედრო კაბინეტი - 1
სააქტო დარბაზი - 1
2000 წლიდან სკოლა ყოველწლიურად უშვებს საანგარიშო ხასიათის გაზეთს „თვალსაწიერს“,
ცოტა მოგვიანებით „მწვანეყვავილას“. როგორც ირკვევა, სასკოლო გაზეთის ფუნქციონირების
ძირითადი მიზანია მშობლებთან დაახლოება, მოსწავლეთა
ოჯახებში შესვლა და სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვა.
გაზეთის ყოველ ფურცელზე ფართოდაა გამოკვეთილი მრავალჯერადი წარწერები: „მშობელო,
ანგარიშს გაბარებს სკოლა“. საინტერესო რუბრიკა,
რომელიც გაზეთის სათაურს მოსდევს,- ხალხური
სიტყვებია: „...ისიც მიამბობს ამბავსა, მეც
ვუთხრა თავის შვილისა...“ აქ, ამ სიტყვებით უკვე ბოლომდეა გაშიფრული გაზეთის დანიშნულება
და არსებობის ძირითადი არსი.
გაზეთში ვაწყდებით ერთ საინტერესო ფრაგმენტს, რომელშიც მკაფიოდ ჩანს სასკოლო
პოლიტიკა - დამოკიდებულება სკოლის დირექტორსა
და მშობლებს შორის. ინტერვიუს
ბოლოს ეკითხებიან სკოლის ხელმძღვანელს: „ხომ არაფერს მოუწოდებთ ჩვენი სკოლის
მშობლებს?“ პასუხი ასეთია: „მადლობას გიხდით
ამ კითხვის დასმისათვის. მოსწავლეთა მშობლები ჩვენი სათაყვანებელი მასაა. სიამაყით მევსება გული, როცა მათ თვალებში სკოლისადმი პატივისცემას
ვხედავ... ასეთია მათი უმრავლესობა. მე ასეთებს
უაღრესად ვაფასებ და მათი სატკივარი ყოველთვის გულთან მიმაქვს. ერთი სიტყვით, მშობლების წინაშე, (მასწავლებლებთან ერთად) თავს ვალდებულად
ვთვლი ანგარიშით წარვსდგე, შესაბამისად
ანგარიშს მოვითხოვ მათგან, კერძოდ, ანგარიშს
იმისას, თუ როგორი ყურადღებიანია ისინი შვილებისადმი, რამდენად მიაქვთ გულთან მათი სწავლის შედეგები, რამდენად ცდილობენ ჯანსაღი თაობა აღუზარდონ ქვეყანას, რომელიც დღეს
ასე ძლიერ გვჭირდება.“
საანგარიშო გაზეთი „თვალსაწიერი“ (№2), რომელიც მთლიანად სკოლის ისტორიითაა დატვირთული,
საინტერესო ინფორმაციებს გვაწვდის სასკოლო ცხოვრების შესახებ . გაზეთის პირველივე
გვერდი დირექტორის ბრძანებას უჭირავს
(№33, 2003 წ.13.05.). იგი მე-8 სკოლის საზეიმო-სადიდებელი სიმღერის შემოღებას-სკოლის ჰიმნს ეხება, ბრძანების მოკლე, დოკუმენტალური სახე ასეთია:
ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო სკოლის აღსაზრდელებში ეროვნული ცნობიერების,
საკუთარი თავისადმი რწმენის, მშობლიური სკოლის, ქვეყნის პატივისცემისა
და სიყვარულის გამომუშავების მიზნით
ვბრძანებ:
1. შემოღებული და პრაქტიკაში დამკვიდრებული
იქნას ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო სკოლის საზეიმო- სადიდებელი სიმღერა.
2.დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო სკოლის საზეიმო-სადიდებელი სიმღერის ტექსტი:
ერის მომავლის რწმენა ვარ,
ღვთის ცრემლი, ვაზის ნაჟური,
ჩემი იმედით სულდგმულობს,
მრავალტანჯული მამული.
ეს მე ვარ - „ბაზალეთის ტბა“,
ილიას „ოქროს აკვანი“,
სამჭედლო მამულიშვილთა,
„მწვანე წალკოტად ავყვავდი''.
მოვდივარ „მწვანე წალკოტით“
„ჩუმის ნატვრითა“ ნატრული,
ნიჭიერებით, გონებით,
„ყრმა“ მხსნელი ჩემი მამულის.
ეს მე ვარ - „ბაზალეთის ტბა“,
ილიას „ოქროს აკვანი,“
სამჭედლო მამულიშვილთა,
,,მწვანე წალკოტად ავყვავდი"
ბრძანებას ხელს აწერს სკოლის დირექტორი რეზო სირბილაძე.
სადიდებელი სიმღერის ტექსტის ავტორებია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: რეზო სირბილაძე, ზაირა კენჭაძე, მედეა გოქაძე და ანა გოგიაშვილი. მუსიკის ავტორებია პედაგოგები: მაია ბაღაშვილი და ეთერ ჯავახაძე.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გამართული ყველა შემოქმედებითი ღონისძიება იწყება საქართველოს ჰიმნით და მთავრდება სკოლის საზეიმო სადიდებელი სიმღერით.
,,მწვანე წალკოტად ავყვავდი"
ბრძანებას ხელს აწერს სკოლის დირექტორი რეზო სირბილაძე.
სადიდებელი სიმღერის ტექსტის ავტორებია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: რეზო სირბილაძე, ზაირა კენჭაძე, მედეა გოქაძე და ანა გოგიაშვილი. მუსიკის ავტორებია პედაგოგები: მაია ბაღაშვილი და ეთერ ჯავახაძე.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გამართული ყველა შემოქმედებითი ღონისძიება იწყება საქართველოს ჰიმნით და მთავრდება სკოლის საზეიმო სადიდებელი სიმღერით.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ,,სსიპ №8 საჯარო სკოლა (1938-2011)”, ავტორები: მზია ზარნაძე, ლია გაბუნია
2.ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი. ფონდი ქ.ი.მ. N10133/სფ.287 ფ.25-58.
Комментариев нет:
Отправить комментарий